27 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
საქართველოს NATO-ში გაწევრიანება არის პირდაპირ დაკავშირებული ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან - ირაკლი ბერაია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით,  კოლომინასთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. მისი თქმით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება არის პირდაპირ დაკავშირებული, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან.

"ხავიერ კოლომინასთან განვიხილეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება არის პირდაპირ დაკავშირებული, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან. 

დღეს, როდესაც ალიანსის წევრი სახელმწიფოები ცდილობენ მათი ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიკაციას, ასევე, დაკავშირებადობის განმტკიცებას, ეს კიდევ უფრო ზრდის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობას. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა და მუდმივად ამტკიცებს, რომ აქვს არამხოლოდ სურვილი, არამედ აქვს შესაძლებლობაც და გამოცდილებაც შეიტანოს ძალიან დიდი წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ნატოს წევრი საქართველო იქნება გაცილებით უფრო ეფექტიანი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განხორციელებაში," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ

პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით კი, რუსეთის აგრესიის ფონზე, პარტნიორები განსაკუთრებულად უჭერენ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მთავარი პირობა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის, რეფორმების დაჩქარებული წესით შესრულებაა.

ცნობისთვის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადრიდში შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია.

დღის ამბები