27 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
სუნაკის და ზელენსკის შეხვედრა ჩაბნელებულ კიევში - რუსული ფრთოსანი რაკეტების სამიზნე ახლა უკრაინის ენერგომომარაგების ობიექტებია

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კიევშია. ეს რიში სუნაკის პირველი ვიზიტია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში.

რიში სუნაკს ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შეხვდა,  თუმცა ეს ყველაფერი ნახევრადჩაბნელებული კიევის ფონზე მოხდა, ვინაიდან რუსული ფრთოსანი რაკეტების სამიზნე ახლა სწორედ უკრაინის ენერგომომარაგების ობიექტებია. ქვეყანა მოახლოებულ ზამთარსა და პირველ თოვლს ელექტროენერგიის შეზღუდული მიწოდებით ხვდება.

როგორც რიში სუნაკმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას 

"უკრაინელი ხალხის გამბედაობა შთაგონებაა მთელი მსოფლიოსთვის. წლების შემდეგ თქვენს ამბავს შვილიშვილებს მოვუყვებით, თუ როგორ დაუდგა ამაყი და დამოუკიდებელი ხალხი საშინელ შეტევას პირისპირ, თუ როგორ იბრძოდით, როგორ წირავდით თავს და როგორ გაიმარჯვეთ. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ამაყი ვარ იმით, თუ როგორ გედექით გვერდში დასაწყისიდანვე და აქ ვარ იმისათვის, რათა გითხრათ, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თქვენს გვერდში დგომას. ვიდრე რუსეთი ჰაერიდან უტევს თქვენს სახლებს, საავადმყოფოებს, ენერგეტიკულ სადგურებს, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ახალი საჰაერო თავდაცვითი დახმარების თაობაზე, მათ შორისაა 120 საზენიტო იარაღი, რადარები და დრონ-საწინააღმდეგო აღჭურვილობა. ვზრდით უკრაინული შეიარაღებული ძალების გაწვრთნის პროგრამას, მათ შორის ბრიტანელი სპეციალისტების, მედიკოსებისა და ინჟინრების ჩართულობით. ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას, რომ დაგეხმაროთ ამ ცივ და მძიმე ზამთარში. ეს მათ შორის მოიცავს თქვენი ძალების დასახმარებელ ზამთრის ნაკრებსა და დამატებით 16 მილიონის ფუნტის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას. იმედია ამ ბარბაროსულ ომს მალე დავასრულდებთ და დადგება მშვიდობა და ამ დიადი ქვეყნის სუვერენიტეტი აღარასოდეს დადგება საფრთხის ქვეშ," - განაცხადა რიში სუნაკმა

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა რიში სუნაკს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"პრემიერ-მინისტრს გავაცანი იმ სარაკეტო იერიშების დამანგრეველი შედეგები, რომელსაც რუსეთი დღეის ჩათვლით ჩვენზე ახორციელებს. ჩვენი ქვეყნის ენერგო-ინფრასტუქტურა 50% დაზიანებულია. რუსული ტერორი გრძელდება, ესაა რუსეთის ცინიკური, ანტი ევრპოპული, არაადამიანური პოლიტიკის შედეგი. რუსული შეტევებს სამიზნეა ის ინფრასტრუქტურაც, რომლითაც ენერგიას ევროპას ვაწვდით. ამიტომ, ეს არაა შეტევა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ევროპაზეც.  ვისაუბრეთ საჰაერო სივრცის დაცვაზე და მადლობას გიხდით იმ მზაობისთვის, რასაც ამ კუთხით იჩენთ, ვიდრე უკრაინა ალიანსის წევრი არაა, უმნიშვნელოვანესია გვქონდეს უსაფრთხოების გარანტიები, ამ საკითხს ჩვენ საუბრისას შევეხეთ. თქვენ გვსტუმრობთ იმ ფონზე, როდესაც ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას ვიხსენებთ, ვისაუბრეთ იმ გზებზე, რომლითაც ეს ფაქტი გენოციდად უნდა შეფასდეს. ახლა ეს ორმაგად მნიშვნელოვანია, როდესაც კრემლი მორიგ გენოციდს ჩადის ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს და მადლობას გიხდით დახმარებისთვის," - აღნიშნა ზელენსკიმ.

დღის ამბები