27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
როდესაც ფინეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდება, ხელს შევუწყობთ საქართველოს გაწევრიანებასაც - მიკო სავოლა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია  NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 68-ე სესიის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. გაიმართა შეხვედრები, როგორც უნგრელ კოლეგებთან, ასევე, ფინეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან. ორივე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას.

ასევე დღეს, თავდაცვისა და უსაფრთხოების დახურულ სხდომაზე განიხილეს შუალედური ანგარიში - "რუსეთის შეჭრა უკრაინაში", სადაც საქართველოს შესახებ არის საუბარი. ანგარიში ნათქვამია, რომ რუსული აგრესია პირველად საქართველოში 2008 წელს მოხდა, რა დროსაც დასავლეთს სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

"მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ქართველ მეგობრებთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ჩვენ უნგრეთის პარლამენტშიც და მთავრობაშიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ვისაუბრეთ, ევროკავშირის ზაფხულის გადაწყვეტილებაზეც, რაც ვფიქრობთ, სამარცხვინო იყო. საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფებიან, სადაც შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ უსაფრთხოების საკითხებზე, მომავალზე და საერთო ღირებულებებზე. წინ, საქართველო," - განაცხადა  უნგრეთის პარლამენტში მოქმედი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ლორინც ნაჩამ.

რაც შეეხება, ფინეთის წარმომადგენელს, მიკო სავოლას თქმით, როდესაც ფინეთი NATO-ს წევრი ქვეყანა გახდება, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც.

"ჩვენ ვილნიუსშიც შევხვდით. დელეგაციამ ვიზიტები ასევე ფინეთშიც გამართა, სადაც სემინარებიც გვქონდა. კარგი დისკუსიები იყო. ეს უბრალოდ თანამშრომლობა არ არის, ეს მეგობრობაცაა.

ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი კვლავ გრძელდება, და მოკავშირეებისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს. ეს არის ის რაც ახლო მომავალში გვინდა. გრძელდება რატიფიკაციის პროცესიც. 28 სახელმწიფომ გადაწყვეტილება მიიღო ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე. მხოლოდ ორი ქვეყანაა დარჩენილი. როდესაც ფინეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება, ხელს შევუწყობთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასაც,"  - აღნიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ფინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მიკო სავოლამ.

დღის ამბები