მასობრივი საფლავები და წამების ოთახები - ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, 8 თვიანი რუსული ოკუპაციის შედეგებს უკრაინელი ექსპერტები სწავლობენ. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 63 სამოქალაქო პირის ცხედარი იპოვეს, ყველა მათგანს წამებისა და გაუპატიურების კვალი აღენიშნება. ცხედრები იმდენად დასახიჩრებულია, რომ მათი იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია.
ხერსონში რუსული ოკუპაციის კვალი ყველაფერს ეტყობა. ვინც არ მოკლეს, ფსიქოლოგიურად გატეხეს. 869 დაკავებულიდან წამების შემდეგ მხოლოდ 480 გაანთავისუფლეს, არავინ იცის სხვების ბედი. ანჟელა ერთ-ერთია რომელმაც საპატიმროში მეგობართან ერთად 31 დღე გაატარა, ის შემზარავ ისტორიებს კამერის წინ ყვება.
სანამ ხერსონში რუსი სამხედროების მიერ მოკლული ადამიანების ცხედრებს პოულობენ, ოკუპანტები ინტენსიურ იერიშებს ახორციელებენ ოლქის მიმართულებით. ავიაიერიშების შედეგად ადგილზე ერთი ადამიანი დაიღუპა .დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ოკუპანტებმა 7-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის დასახლებები, არიან დაშავებულები. იერიშები იყო ზაპოროჟიეს რეგიონზე, სადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. 40-ზე მეტი ჭურვი ისროლეს ნიკოპოლის მიმართულებით. მსხვერპლია დონეცკშიც.
ისევ შეშფოთებულია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობა. საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ რეზოლუცია მიიღო სადაც რუსეთს მოუწოდებენ გაიყვანოს სამხედრო და ტექნიკური პერსონალი ბირთვული სადგურიდან .იერიშების სამიზნეა უკრაინის ენერგეტიკული ობიექტებიც, რის გამოც ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ათ მილიონზე მეტ ადამიანს. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ რუსული აგრესიისგან უკრაინისა და ევროპის დაცვა მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვითაა შესაძლებელი.
საბრძოლო მოქმედებების პარალელურად კი პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რომ რუსი სამხედროები განაგრძობენ უკრაინის მოსახლეობის იძულებით ევაკუაციასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქონების გატანას.