ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში - 36 წლის ქალი 22 წლის მამაკაცის მიერ გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაიღუპა. მამაკაცმა ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებებიც მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და თან მკვლელობის იარაღი დანაც წაიღო. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედიის ადგილი გოგოლის ქუჩის 28 ნომერია.
გაქცევის მომენტში მკვლელმა სისხლიანი კვალი ყველგან - ეზოში, ასფალტზე, ავტომობილებსა და კედლებზეც დატოვა. მიმალვის მცდელობის მიუხედავად, დამნაშავე პოლიციამ მალე დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცის მეზობლები "კურიერთან" ამბობენ, რომ მან გოგოლის ქუჩაზე ბინა მეგობართან ერთად რამდენიმე თვის წინ იქირავა.
მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა ადგილობრივები ჩხუბის ფაქტს ადასტურებენ. ამბობენ, რომ კონფლიქტი ქუჩაში დაიწყო, რაც სავარაუდოდ ეზოს შესასვლელთან არსებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.
36 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოკითხეს მეზობლები, ამოღებულია დანაშაულის იარაღი.