უკრაინის პრეზიდენტი მალაიზიური ბოინგის კატასტროფის, MH17-ის თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ემსრულებლების გარდა, ტრიბუნალის წინაშე ამ დანაშაულის დამკვეთებიც უნდა წარდგნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ "ტვიტერზე" აქვეყნებს.
ამასთან, პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ დამკვეთების დაუსჯელობამ შესაძლოა გამოიწვიოს ახალი დანაშაული.
"არის პირველი განაჩენი MH17-ის კატასტროფაში დამნაშავეთა მიმართ. მაგრამ აუცილებელია, რომ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ დანაშაულის დამკვეთებიც, რადგან დაუსჯელობა ახალ დანაშაულებს გამოიწვევს. ეს ილუზია უნდა დაიმსხვრეს. რუსეთის მიერ ჩადენილი როგორც ადრინდელი, ისე ამჟამინდელი მხეცობებისთვის სასჯელი გარდაუვალი უნდა იყოს", - დაწერა თავის ტვიტერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე: იგორ გირკინი სტრელკოვი, სერგეი დუბინსკი და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო.