27 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, დაფინანსება გაეზრდებათ როგორც საჯარო მოხელეებს, ისე პენსიონრებს

ჯარი, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური- ათი ათასობით ძალოვანი მომავალი წლიდან 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებს. გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში უკვე გაწერა, სულ კი ძალოვანი უწყებებისთვის ბიუჯეტში დამატებით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი. 2023 წლის ბიუჯეტში ანაზღაურების გაზრდა გათვალისწინებულია საჯარო მოხელეებისთვისაც, თუმცა ჯარისკაცების, პოლიციელებისა და სუსის თანამშრომლებისგან განსხვავებით, მათი სახელფასო სარგოს გაზრდა მხოლოდ 10%-ით არის დაგეგმილი.

დაფინანსება ეზრდება ჯანდაცვის სამინისტროსაც და თანხის დიდი ნაწილი პენსიების მატებაში დაიხარჯება. 70-წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები 2023 წელს 65 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ, ყველა სხვა დანარჩენს კი თანხა 35 ლარით გაეზრდება.

მომდევნო წლის ბიუჯეტის მოცულობის გაზრდა, ფინანსთა მინისტრის განმარტებით ორნიშნა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა განაპირობა, თავად ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება კი სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობითაა გამოწვეული. ლაშა ხუციშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ყურადღება ტურიზმის აღდგენასა და იმპორტ-ექსპორტის, პირდაპირი ინვესტიციების ზრდაზე გაამახვილა. საფინანსო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ რეგიონში არსებული საფრთხეების მიუხედავად მთავრობამ ფისკალური სტაბილურობა შეინარჩუნა, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა.

2023 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 7 500 დოლარს უტოლდება, 2026 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 9 500 დოლარს გადააჭარბებს.

ბიუჯეტიდან 6 მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვისაა განსაზღვრული. ფინანსთა მინისტრის თქმით, 2023 წელს მთავარი გამოწვევა საბიუჯეტო დეფიციტისა და საგარეო ვალის შემცირებაა.

საბიუჯეტო პარამეტრების განხილვა პლენარულ სხდომათა დარბაზში კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მთავრობის გეგმა ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე, საჯარო სტრუქტურების დაფინანსების გაზრდა, ხელფასებისა და დანამატების გადანაწილების კონცეფცია - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია , რომლის შესახებაც დეპუტატებმა კითხვები ფინანსთა მინისტრს დაუსვეს.

მომდევნო წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას საკანონმდებლო ორგანო მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც მთავრობა სავალუტო ფონდთან კონსულტაციებს გაივლის და საჭიროების შემთხვევაში არსებულ პროექტში ცვლილებებს შეიტანს. პროექტი პარლამენტში 30 ნოემბრამდე დაბრუნდება. 2023 წლის ბიუჯეტს კანონმდებლები საბოლოოდ კენჭს დეკემბრის ბოლოს უყრიან.

 

დღის ამბები