ომის დაწყებიდან 267-ე დღეს, უკრაინელები ისევ აფეთქების ხმამ გააღვიძა. დილიდან კრემლის სამიზნე კვლავ კიევი გახდა. საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა უკრაინის დედაქალაქის ციდან 4 რაკეტა და 5 ირანული წარმოების დრონი შაჰედი ჩამოაგდეს, თუმცა საოკუპაციო ძალების ერთმა რაკეტამ მიზანს მაინც მიაღწია და ოლქში მდებარე დასახლებაში ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ქალაქ დნიპროში რუსეთის თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 წლის მოზარდი. საავადმყოფოში გადაყვანილი 4 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია. ზაპოროჟიეში საოკუპაციო ძალების თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. დონეცკის ოლქში განხორციელებული ბოლო თავდასხმების შედეგად, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპა.
დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესასა და ხარკოვშიც. მოსკოვის სამიზნე ისევ კრიტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. ხარკოვში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა და სამი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის მიერ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა სხვადასხვა ოლქში დააზიანა ან გაანადგურა უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი.
ტერიტორიების გასათავისუფლებლად კი უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ კონტრშეტევებს. ფრონტის ყველაზე ცხელ ხაზად ისევ დონეცკის ოლქი რჩება. სწორედ ამ რეგიონში ამაგრებს თავდაცვით პოზიციებს ახლა რუსეთი.
ხერსონის ოლქის უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიაზე კი უკრაინელმა სამართალდამცველებმა 63 ნაწამები ცხედარი აღმოაჩინეს. პარალელურად, იქ უკრაინელი სამხედროები რუსი ჯარისკაცების მიერ დატოვებული ნაღმების გაუნებელყოფას ცდილობენ.
ბრძოლა ხერსონის ოლქის სრულად გასათავისუფლებლად მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გრძელდება. უკრაინის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა 50-ზე მეტი საცეცხლე მისია შეასრულეს.