27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ვინ გახდება ორად გაყოფილი პარტიის თავმჯდომარე - მანამ, სანამ ხაბეიშვილი თავმჯდომარეობისთვის ემზადება, ნიკა მელია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

ბრძოლა თავმჯდომარის პოსტისა და მიხეილ სააკაშვილის გულის მოსაგებად -
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბოხებულები აქტიურობენ. სანამ ნიკა მელია ბრიუსელში მართავს შეხვედრებს, ლევან ხაბეიშვილმა საარჩევნო კამპანია უკვე საქართველოს რეგიონებში დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიის დამფუძნებლის არჩევნები უდროოდ მიაჩნია, ხაბეიშვილი მაინც ცდილობს სააკაშვილის მომხრეების გადაბირებას. სხვა ახსნა არ აქვს მიხეილ სააკაშვილის "ჯანმრთელობაზე მზრუნველთა შტაბის" დაგვიანებით შექმნას მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი უკვე წელიწადი და 2 თვეა რაც ციხეში ზის.

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. კანდიდატი დღეს პარტიულ მხარდამჭერებს გორში შეხვდა. აქვს თუ არა გამარჯვების შანსი და იმედი - კითხვას არ პასუხობს და ისევ ამტკიცებს, რომ არჩევნებში არა გუნდის გასაყოფად, არამედ პარტიის გასაძლიერებლად მონაწილეობს.

პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს მხარდამჭერებთან შეხვედრა ჯერ არ დაუწყია და ამ დროისთვის არც თბილისში იმყოფება. კონკურენტების შანსებს მელიას გუნდის წევრები აფასებენ.

ვინ და რატომ ცდილობს პარტიის ხელში ჩაგდებას და რატომ გახდა აუცილებელი შიდა არჩევნების დანიშვნა- "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარე ღიად ამბობს, რომ ამ პროცესის უკან კეზერაშვილის ინტერესები დგას. ხაბეიშვილის მხარდამჭერები ამ ფაქტს უარყოფენ, თუმცა არ მალავენ, რომ ძალოვან ექსმინისტრებთან მეგობრობენ და ამ ურთიერთობის გარდა მათთან გარკვეული პოლიტიკური ინტერესებიც აკავშირებთ.

ასე პასუხობს კეზერაშვილის პარტიულ ინტერესებთან დაკავშირებით შეკითხვას თავად კანდიდატი, თუმცა ლევან ხაბეიშვილის დამოკიდებულება, თავდაცვის ექსმინისტრთან მიმართებით გარკვეული პერიოდის წინ რადიკალურად განსხვავებული იყო.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს აფასებენ "ქართულ ოცნებაში" და ამბობენ, რომ პარტიაში ორ ბანაკს შორის გავლენებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

როდის დაინიშნება არჩევნები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, უცნობია. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ჯერ მხოლოდ 3 კანდიდატია დასახელებული.

დღის ამბები