27 ნოემბერი 2024,   02:10
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერებმა ხოშტარია-კეზერაშვილი დღეს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს

ძებნილი თავდაცვის მინისტრისა და მისი ბიზნესპარტნიორის შეხვედრის ამსახველი ფოტო, მმართველი გუნდისთვის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ დაგეგმილი სქემის მტკიცებულებად იქცა. საუბარია დავით კეზერაშვილისა და კომპანია გალფის ერთ-ერთი მფლობელის ლონდონურ შეხვედრაზე, რასაც ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სანქცირებული ტვირთის შემოსვლა მოყვა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, გალფის კუთვნილი გემის შემოსვლის შემდეგ, საქმეში კეზერაშვილის პოლიტიკური პარტნიორი ელენე ხოშტარია ჩაერთო, რომელიც სანქცირებული ტვირთის რეექსპორტში სახელმწიფოს დადანაშაულებას ცდილობდა. "ქართული ოცნების" ლიდერებმა ხოშტარია-კეზერაშვილი დღეს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

ელენე ხოშტარიამ, რომელმაც ზაფხულში ხელისუფლება სანქცირებული ტვირთის გატარებაში არაერთ სპეციალურ ბრიფინგზე დაადანაშაულა, დღეს ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. იცოდნენ თუ არა "დროას" ლიდერმა და მისმა კოლეგებმა ვინ იყო სანქცირებული ტვირთის რეალური მეპატრონე - ამ კითხვამ დღეს თავდაცვის ექს მინისტრის თანამოაზრები გააღიზიანა. თქვეს, რომ ამ ფაქტზე არასდროს უსაუბრიათ, არ აინტერესებთ და მიუხედავად ყველაფრისა მზად არიან კეზერაშვილისგან დაფინანსება მიიღონ.

სანქცირებული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადებები დღეს შეარბილეს სხვა ოპოზიციონერებმაც. მათი ნაწილი ამბობს, რომ მტკიცებით ფორმაში ოცნება რუსული ნავთობის რეექსპორტში არასდროს დაუდანაშაულებიათ. მეორე ნაწილი კი გამორიცხავს, რომ დავით კეზერაშვილს წლების წინ გასხვისებულ კომპანიასთან რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს.

ბათუმში სანქცირებული გემის შემოყვანა და ამ თემით ქვეყნის გაშავების პიარკამპანიის წარმოება სახელმწიფო ინტერესების ღალატია - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლები ოპონენტებსა და საერთაშორისო საზოგადოების წევრებს რუსული ტანკერის შემოსავალაში კეზერაშვილის როლით დაინტერესებას ურჩევენ.

კეზერაშვილი- ნაკაიძის ფოტომ დღეს ოცნების მხარდამჭერი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უფრო შორსაც წაიყვანა. შათირიშვილმა სანქცირებული ტვირთის შემოსვლის პარალელურად, რუს მილიარდერ ევტუშენკოვთან დაკავშირებული საქმეც გაიხსენა. მისი აზრით, ევტუშენკოვის ჩანაწერი და შემდგომ მისი ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოჩენაც ძებნილი თავდაცვის მინისტრის საერთო გეგმის ნაწილი იყო.

საქართველოში ძებნილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. დავით კეზერაშვილმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა და თქვა, რომ მზადაა ხელისუფლების შეცვლის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

დღის ამბები