27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ჰააგის საოლქო სასამართლომ "მალაიზიური ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე სამი პირი დამნაშავედ ცნო, სამივე მათგანს დაუსწრებლად უვადო პატიმრობა მიესაჯა

ჰააგის სასამართლომ მალაიზიური ბოინგის საქმეზე საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა. საერთაშორისო თემიდან თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის, რომლის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა, დამნაშავედ სამი პირი ცნო, მათგან ორი რუსეთის, ერთი კი უკრაინის მოქალაქეა.

სამივე მათგანს სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. იგორ გირკინი - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ლიდერი, სერგეი დუბინსკი - რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი ოფიცერი და ლეონიდ ხარჩენკო - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის დანაყოფის ხელმძღვანელი. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სამივე მათგანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის ტერიტორიაზე ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემოყვანასა და რაკეტის გაშვების ადგილას განთავსებაში.

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ვარდნის მომენტისთვის რუსეთი ეფექტურ კონტრლოს ახორციელებდა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებსა და მათ მხარდამჭერებზე. ჰააგამ დაადგინა ისიც, რომ ბუკის რაკეტა სოფელ პერვომაისკიდან იქნა გაშვებული, რამაც უზარმაზარი ტრაგედია გამოიწვია.

ჰააგაში დაიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის ის პირები ვინც რაკეტის გაშვება დააფიქსირა. სასამართლომ სამივე დამნაშავეს დაზარალებულთა ოჯახებისთვის 16 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

ჰააგამ ამ დრომდე ვერ გასცა პასუხი მთავარ კითხვას, თუ ვინ მისცა ბუკის ეკიპაჟს ბრძანება სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა უდანაშაულოდ ცნო მეოთხე ბრალდებული ოლეგ პლუტოვი.

შეგახსენებთ რომ სამოქალაქო ლაინერი 2014 წელს რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა, უკრაინის საჰაერო სივრცეში შესვლიდან მალევე კი მასთან კავშირი შეწყდა. მოგვიანებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოგდებული ბოინგის ფრაგმენტები და დამწვარი ცხედრები იპოვეს.

დღის ამბები