27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
შეგნებული მცდელობაა, ჩაერთოს ნატო ჩვენთან პირდაპირ კონფლიქტში -  რუსეთის ელჩი გაეროში პოლონეთში მომხდარი აფეთქების საქმეზე საუბრობს

გამოძიება პოლონეთში მომხდარი აფეთქების საქმეზე - საბოლოო დასკვნამდე ისევ ვერსიები ისმის.  აღნიშნულზე ისაუბრა რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ. მისი შეფასებით, მიმდინარეობს შეგნებული მცდელობა, რომ ნატო რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაერთოს.

"შეუძლებელია არ ფლობდეთ ინფორმაციას იმის თაობაზე,რომ ეს სწორედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ გასროლილი რაკეტები იყო, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რაც ნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ დეზინფორმაციის მიზანმიმართული მცდელობა, არამედ შეგნებული მცდელობაა ჩაერთოს ნატო ჩვენთან პირდაპირ კონფლიქტში, რომელიც ახლა რუსეთთან უკრაინის ტერიტორიაზე მარიონეტულ ომს აწარმოებს," - განაცხადა ვასილი ნებენზიამ.

ამასთან, პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის ელჩი გაეროში სერგი კისლიცა. მისი განცხადებით, უკრაინა მზადაა პოლონურ მხარესთან ითანამშრომლოს და წვლილი შეიტანოს გამოძიების პროცესში. კისლიცას შეფასებით,  როგორც კი რუსეთი ვეღარ შეძლებს ომის გაგრძელებას, რეგიონში უსაფრთხოება დაუყოვნებლივ აღდგება.

"როგორი ირონიულია რომ სამშვიდობო ძალისხმევაზე საუბრისას მაგიდასთან ჯერ კიდევ სხედან ტერორისტები და უშიშროების საბჭოს წევრების მსგავსად თანაბარ პირობებში იმყოფებიან. უკრაინა სოლიდარობას უცხადებს მოძმე პოლონელ ხალხს სოფელ პშევოდუვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას ამ ტრაგიკული ინციდენტის ყველა ფაქტის დასადგენად. მზად ვართ ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან, რათა წვლილი შევიტანოთ გამოძიებაში. ნათელია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი რეგულარული სარაკეტო იერიშებით, რჩება ძალადობისა და ადამიანთა ტანჯვის ერთადერთ მიზეზად როგორც უკრაინაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. როგორც კი რუსეთი ვეღარ შეძლებს ომის გაგრძელებას, რეგიონში უსაფრთხოება დაუყოვნებლივ აღდგება," - განაცხადა სერგი კისლიცამ.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას კრემლს აკისრებს, რადგან ომი რუსეთმა წამოიწყო, თუმცა თეთრი სახლი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პოლონეთში მომხდარი აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგია.  

დღის ამბები