27 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
საქართველოს ჰყავს ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდოდა და უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია არის ანტიევროპული ძალა და საქართველო ჰყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც "გულით უნდა, რომ საქართველომ კანდიდატი სტატუსი არ მიიღოს" - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ  "რუსთავი 2-ზე" "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული იდეის მთავარი პრინციპია დემოკრატია, ანუ წააგებს პარტია თუ მოიგებს, შედეგებს პატივი უნდა სცენ. 

ამასთან, არჩილს თალაკვაძემ რადიკალური ოპოზიციის განცხადებები გაიხსენა ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა გასულ წელსაც და არანაირ კავშირში არ არის ეს მონაცემები რეგიონში შექმნილ კონფლიქტთან. 

"აქცენტი გააკეთეს იმ რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე, რაც ყველა ქვეყნის მიმართ არის გაკეთებული და არა მხოლოდ ჩვენთან. ნახეთ უკრაინის მიმართ, მოლდოვის მიმართ გაკეთებული რეკომენდაციები და ამოიღეთ სხვა ქვეყნები, ვინც დღეს კანდიდატები არიან. ყველას ჰქონდა ასეთი რეკომენდაციები, ყველას მიმართ ჰქონდა კონკრეტული შენიშვნები თუ მოთხოვნები ევროკავშირს. მაგრამ მხოლოდ საქართველოს ჰყავდა ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდოდა და უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ნახეთ ამ რადიკალური ბანაკის ანატომია, ჩანს, რომ ისინი არიან რეალურად ანტიევროპული ძალა. რა სჭირდება სახელმწიფოს, რომ იყოს ევროპული ოჯახის წევრი. თვითონ ევროპული ოჯახი რას ეფუძნება?!  ჩამოვთვალოთ ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები ევროპული იდეის.

პირველი: ეს არის დემოკრატია - წააგებ თუ მოიგებ არჩევნებს, უნდა სცე პატივი. ეს არის ის პოლიტიკური ბანაკი, რომელიც ამბობს, რომ თუ არ გავიმარჯვებთ, არცერთ არჩევნებს არ ვაღიარებთ, მხოლოდ ის არჩევნებია სწორი, რომელშიც ჩვენ მოვიგებთ. მათ არ უნდათ, რომ იყვნენ ოპოზიციაში. მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს ოპოზიციისთვის საკმარისი ხმები და ამაზე პირდაპირ ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ჩატარებული წესების დაცვით. ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" და რადიკალურმა ბანაკმა თქვა, რომ ეს არჩევნები ჩვენი მხრიდან იმსახურებს ბოიკოტს. დემოკრატიას, როგორ ექცევიან ვნახეთ. მეორე: ეს არის ძლიერი ეკონომიკა, რაც უფრო იმატებს ეკონომიკური ზრდა, უფრო მეტად სტკივათ თავი რადიკალურ ოპოზიციაში. გამოდიან და ლაპარაკი დაიწყეს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უკავშირდება რეგიონში შექმნილ  უსაფრთხოების მდგომარეობასო. შეგახსენებთ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა ომის დაწყებამდე. შესაბამისად ეს არის სიცრუე," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები