27 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
ოკუპირებული მარიუპოლიდან რუსეთის სამხედრო ტექნიკა დონეცკისკენ მიემართება - ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან

ოკუპირებული მარიუპოლიდან რუსეთის სამხედრო ტექნიკა დონეცკისკენ მიემართება. როგორც ჩანს, ხერსონში მარცხის შემდეგ ოფიციალურმა მოსკოვმა დონეცკის რეგიონში მყოფი თავისი შენაერთების გაძლიერება გადაწყვიტა. დონეცკში კი სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელი სამხედროები იგერიებენ ოკუპანტების შეტევებს და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით განაგრძობენ კონტრშეტევებს.

ამ ყველაფრის ფონზე იქ დარჩენილი მოსახლეობა უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ოკუპანტების თავდასხმას დღეს დონეცკის ოლქში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა. ქალაქ ბახმუტში თითქმის ყველა საცხოვრებელი კორპუსი განადგურებულია.

ბახმუტის მსგავსად უკვე თვეებია თავშესაფრებში ცხოვრობენ ქალაქ სოლედარში დარჩენილი მოქალაქეები. თუმცა, საკუთარ ქალაქს არ ტოვებენ.

მაკიივკაში მცხოვრებ უკრაინელებს ოცნება აუხდათ. ლუგანსკის ოლქის ეს დასახლება სულ ცოტა ხნის წინ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს. 8 თვიანი ბრძოლის შემდეგ მაკიივკაში ვეღარ გადაადგილდებიან რუსი ჯარისკაცები. აქ ისევ უკრაინის დროშა აფრიალდა.

ჯარისკაცებს თითოეული დაბრუნებული ტერიტორიისთვის მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას ამხნევებს და ყველა დასახლებაში უკრაინული დროშის აღმართვას ჰპირდება.

რუსეთი უკან დახევას და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას არ აპირებს. უფრო მეტიც, ზამთრის ბრძოლებისთვის ემზადება და იერიშები მიაქვს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური შეტევები კრემლმა გუშინ განახორციელა. საოკუპაციო ძალებმა 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს და თითქმის ყველა დიდი ქალაქი დაბომბეს. დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. 700 ათასი უკრაინელი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები