27 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილიდან ლევან ხაბეიშვილამდე - ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის

თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლაში ლევან ხაბეიშვილი ჩაერთო. რიგით მეოთხე კანდიდატმა საკუთარი თავი პარტიის ამომრჩეველს დღეს მხარდამჭერებთან და თანამოაზრეებთან ერთად წარუდგინა და მოკლედ სამომავლო ხედვებიც გააცნო. ამტკიცებს, რომ თანამდებობა პარტიის გაერთიანებისთვის უნდა და არა გუნდის გაყოფისთვის. უკვე აქვს ინიციატივებიც - მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შტაბის შექმნა, რომლის ხელმძღვანელობას კონკურენტ გიორგი ჩალაძეს სთავაზობს. ჩალაძემ ხაბეიშვილის წინადადება მიღო და კანდიდატურა მოხსნა.

ხაბეიშვილს უკვე ჰყავს მომხრეები - ისინი, ვინც დღეს ყოფილი ძალოვნების, მერაბიშვილი- კეზერაშვილის გუნდის წევრებად სახელდებიან. მხარდაჭერა ბრიფინგზე ერთად დგომით ღიად დაადასტურეს. პარტიის მეორე ნაწილმა, კონკრეტულად კი მელიას გუნდის წევრებმა, ხაბეიშვილის გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენციიდან შეიტყვეს.

ლევან ხაბეიშვილი რიგით მეოთხე კანდიდატია, თავმჯდომარის პოსტისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც იბრძვის. სწორედ ამ ორი გვარის გარშემოა ახლა პარტია ორ ჯგუფად გაყოფილი. თავად მელია უკვე რამდენიმე დღეა ბრიუსელში შეხვედრებს მართავს და საკუთარ პოზიციებს პარტიაში მიმდინარე პროცესებზე სწორედ იქიდან აჟღერებს. მოქმედმა თავმჯდომარემ გუნდში არსებული განხეთქილების შეფასებისას გუშინ ისიც თქვა, რომ თანაპარტიელებმა ზურგში დანა ჩაარტყეს, რაშიც სავარაუდოდ მელიამ სწორედ კეზერაშვილის მხარდამჭერთა ფრთა იგულისხმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს გვერდიდან ადევნებს თვალს მმართველი პარტია. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ დაპირისპირება პოლიტიკურ ძალაში პარტიას ჩამოშლამდე მიიყვანს.

როდის დაინიშნება არჩევნები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში უცნობია. ჯერ არც კანდიდატების დასახელების ვადები ამოწურულა.

დღის ამბები