27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
პაკისტანელი ქილერის სამიზნე ცნობილია - რა კავშირი აქვთ თბილისში დაკავებულ დაქირავებულ მკვლელებს ალ-ქაიდასთან

პაკისტანელი ქილერის სამიზნე, რომლის ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი აღმოჩნდა. იციკ მოშემ შეკვეთილი მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. ინფორმაცია მედიიდან შეიტყო, რაც შემდეგ პირადად ისრაელის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.

ბიზნესმენი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ თვალთვალი და ადევნება არ შეუმჩნევია. ბიზნესპალატის პრეზიდენტი მისი მკვლელობის გეგმას ებრაელების წინააღმდეგ წარმოებულ ანტისემიტურ ქმედებებს უკავშირებს.

ქილერი, რომელსაც თბილისში გავლენიანი პირის მკვლელობა დაუკვეთეს, საქართველოში დუბაიდან სექტემბერში ჩამოვიდა. თანამზრახველებმა მას ვაშლიჯვარში კონსპირაციული ბინა დაახვედრეს. საშიში დამნაშავე სპეცოპერაციით სწორედ აღნიშნულ ბინაში აიყვანეს.

ბინა, თანხა, იარაღი, კონსპირაციული ტელეფონები, სამიზნე ობიექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია - მკვლელობის დამკვეთმა ქილერი ყველაფრით უზრუნველყო და კრიმინალური მისიით საქართველოში გამოგზავნა. პაკისტანელი ქილერი ამირ ხანი ებრაული მედიის ინფორმაციით, ალ-ქაიდასთან კავშირში მყოფი ტერორისტული დაჯგუფების წევრია. ის ქართველი სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში მკვლელობის მზადებას ადასტურებს.

ტერორისტულ დაჯგუფებასთან რაიმე კავშირს გამორიცხავს დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით თბილისში დაკავებული ორი პირი. ფაჰრაად ფაშაი და მოჰსენ რაფი საქართველოს და ირანის ორმაგი მოქალაქეები არიან. "კურიერი" გორის ქუჩაზე, სპეცოპერაციით დაკავებული რაფის მეუღლეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მის ქმარს დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვს.

ებრაულ მედიაში უკვე გაჟღერდა დამკვეთის გვარი და ტერორიზმთან დაკავშირებული ორგანიზაციაც. პრესა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის უკან ირანის რევოლუციური გვარდიის შემადგენლობაში მყოფი "ყუდსის ძალები" დგას. დანაშაულის დამკვეთად მათი მეთაური ალი ფეიზიპური სახელდება. დაჯგუფება 2019 წელს შეერთებულმა შტატებმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ვაშინგტონი მას პასუხისმგებლობას აკისრებს სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულ თავდასხმებზე, მათ შორის, უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობაზე. ისრაელის მედია ვარაუდობს, რომ ეს არ არის იციკ მოშეზე თავდასხმის პირველი მცდელობა.

სუს-ის წარმატებული ოპერაციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში მოქალაქეები საფრთხისგან დაცულები არიან - ასე ეხმაურება დაგეგმილი დანაშაულის აღკვეთას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

გამოძიება ახლა პაკისტანელი ქილერის სხვა მოკავშირეებს ეძებს. "კურიერის" ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ ქალია, რომელიც პაკისტანელ ამირ ხანს მკვლელობის ობიექტზე ინფორმაციის მოგროვებაში ეხმარებოდა. დაკავებულების საქმის განხილვა 26 დეკემბერს დაიწყება.

დღის ამბები