27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
"სადღაც ამერიკაში" - ასე ჰქვია ამბავს, რომელშიც რეჟისორმა 90-იან წლებში ოკეანის გაღმა საკუთარი ემიგრაცია აღწერა

მოთხრობა, რომელიც პიესად იქცა, მოგვიანებით კი რეჟისორმა ნანა ხარშილაძემ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გადაიტანა. "სადღაც ამერიკაში" - ასე ჰქვია ამბავს, რომელშიც რეჟისორმა 90-იან წლებში ოკეანის გაღმა საკუთარი ემიგრაცია აღწერა. თავისუფლების გამო უცხო ქვეყანაში გატარებული წლები, ამერიკული ოცნება, იმედგაცრუება და ნოსტალგია სამშობლოს მიმართ. ეს ყველაფერი ნანა ხარშილაძემ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად დღეს სცენაზე გააცოცხლა.

სპექტაკლში განსაკუთრებული ყურადღება ემიგრაციაში წასულ ქალებს ეთმობა, რომლებიც პირადი თუ ეკონომიკური პრობლემების გამო ამერიკაში მიდიან და მძიმე სამუშაოს ასრულებენ. ნანა ხარშილაძე დარწმუნებულია, რომ პრემიერაზე მისული მაყურებელი სრულად შეიგრძნობს იმას, რასაც ემიგრაციაში წასული ადამიანები განიცდიან განსაკუთრებით კი სამშობლოს ნოსტალგიის მხრივ. ორ მოქმედებიანი სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში დღეს, 17 და 20 ნოემბერს იქნება წარმოდგენილი.

საქართველო და ამერიკა- ორი სრულიად განსხვავებული კულტურა, რომელშიც მთავარი გმირი თვითგადარჩენისთვის იბრძვის. იუმორით შეზავებული დიალოგები, პერსონაჟების პირადი ტრაგედიები, ბედნიერი და მძაფრი მოგონებები-მაყურებელს მარჯანიშვილის მსახიობები ემიგრანტების ცხოვრებას დეტალურად გააცნობენ.

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები