27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
რა პირობებს სთავაზობს მშვიდობის მისაღწევად უკრაინის პრეზიდენტი დიდ ოცეულს და რა ჩაიწერა G20-ის დეკლარაციაში, რომელსაც ვლადიმერ პუტინი არ ესწრებოდა

ვოლოდიმირ ზელენსკის 10 პირობა მშვიდობის მისაღწევად დიდი ოცეულს -  უკრაინის პრეზიდენტი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და მსოფლიო ლიდერებს სთხოვს ვლადიმერ პუტინს ომის შესაჩერებლად შემდეგი პუნქტების შესრულება აიძულოს.

ბირთვული, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოება, ყველა ტყვესა და დეპორტირებულის გათავისუფლება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსული არმიის გაყვანა - ეს იმ პირობების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესრულებაშიც კიევი მსოფლიოს დახმარებას მოითხოვს.

ზელენსკიმ ბალიზე გამართული დიდი ოცეულის ქვეყნის ლიდერებს, რომელთა შორის ვლადიმერ პუტინი არ იყო, რუსეთის გარიცხვაც მოსთხოვა.

ზელენსკის გამოსვლას დიდ ოცეულზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი არ დასწრებია, რუსულ პროპაგანდისტულ არხებთან გაკეთებულ განცხადებაში კი დიპლომატმა 9-თვიან ომის შედეგებზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს უკრაინა უშლის. სერგეი ლავროვის განცხადებას ხელი არ შეუშლია G20-ის ლიდერებისთვის რუსეთი კიდევ ერთხელ მკაცრად გაეკრიტიკებინათ სისხლისმღვრელი ომის გამო. ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერმა რიში სუნაკმა მოსკოვს ღიად მოუწოდა, შეწყვიტოს ბარბაროსული ომი უკრაინის წინააღმდეგ. მსოფლიო ლიდერები უკმაყოფილოები არიან იმის გამოც რომ პუტინმა დიდ ოცეულს ბოიკოტი გამოუცხადა.

ამასთან, G20-ის ყველაზე განხილვად მოვლენად ამ დრომდე აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა რჩება, სადაც მხარეებმა ამ ეტაპზე საერთო გამოწვევებში ერთად მუშაობის პირობა დადეს, თუმცაღა ორ უდიდეს ეკონომიკას შორის კონკურენცია გრძელდება. ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი და სი ძინ პინის შეხვედრის შედეგები პოზიტიურად ფასდება.

დღის ამბები