"კურიერმა" გაარკვია, რომ პირი, რომელიც თბილისში ებრაელი ბიზნესმენის ლიკვიდაციას ამზადებდა, 38 წლის ამირ ხანია. პაკისტანის მოქალაქე საქართველოში კონკრეტული მისიით ჩამოვიდა. მისი ერთადერთი სამიზნე თბილისში მცხოვრები ისრაელის მოქალაქე იყო, რომელსაც 2 თვე უთვალთვალებდა. გეგმის მიხედვით, დაქირავებული მკვლელი ბიზნესმენის ლიკვიდაციას უახლოეს პერიოდში აპირებდა, თუმცა დანაშაულის სქემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა. პაკისტანის მოქალაქე ამირ ხანი დიდი ოდენობით იარაღით და საბრძოლო მასალით, კონსპირაციულ ბინაში, სპეცოპერაციით აიყვანეს.
უსაფრთხოების სამსახურმა დაქირავებული ქილერის გარდა, მისი მოკავშირეებიც დაადგინა. ამირ ხანს თბილისში მცხოვრები თანამზრახველები მკვლელობის დამკვეთმა, უცხოეთიდან შეურჩია. ორივე მათგანი საქართველოსა და ირანის ორმაგი მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები დაქირავებულ მკვლელს იარაღით ამარაგებდნენ. კონსპირაციული გეგმის მიხედვით, საბრძოლო მასალას სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ტოვებდნენ. კონსპირაციული ტელეფონები, იარაღი და საბრძოლო მასალა - ეს და სხვა მტკიცებულებები, გამოძიებამ დაკავებულების ჩხრეკის შედეგად მოიპოვა.
ებრაელი ბიზნესმენის ლიკვიდაციის დამკვეთს, გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში ეძებს. სუს-მა მისი იდენტიფიცირება უკვე მოახდინა. "კურიერისთვის" ცნობილია, რომ დაკავებული ქილერი დამკვეთზე ქართველი სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს. სუფიანი - ასე მოიხსენიებს ამირ ხანი პირს, რომელმაც ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა.
მკვლელობის მისიით ჩამოსული ამირ ხანის ერთ-ერთი მოკავშირე რამდენიმე დღის წინ, გორის ქუჩაზე დაკავებული თარჯიმანი, მოჰსენ რაფი აღმოჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ბინაში, სადაც 4 საათიანი სპეცოპერაცია ტარდებოდა, "კურიერს" არავინ დახვდა. მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებულის მეუღლემ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.
ასევე, "კურიერმა" გაარკვია დაქირავებული მკვლელის კიდევ ერთი მოკავშირის ვინაობა. ფარჰაად ფაშაი სპეცოპერაციით გორგასლის ქუჩიდან აიყვანეს.
დაკავებულ სამივე პირს ამ დროისთვის ბრალი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვაა ედებათ, თუმცა მათ ბრალს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაუმძიმებენ.
რა მოტივით შეუკვეთეს მკვლელობა და ვინ არის ქილერის სამიზნე ბიზნესმენი - გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, დეტალები არ საჯაროვდება. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.
უკვე დაკავებული სამი პირის საქმის არსებითი განხილვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 26 დეკემბერს დაიწყება.