27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ოლივერ ვარჰეის მკაფიო გზავნილები - ევროკომისარმა ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი  დადებითად შეაფასა და დაადასტურა მზადყოფნა, ურთიერთობების განმტკიცებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ჯერ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. მან პარლამენტის თავმჯდომარისგან ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

საკანონმდებლო ორგანოში გამართული გაფართოებული შეხვედრისას, ევროკომისარმა ოპონენტები ერთ მაგიდასთან შეკრიბა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში მან სწორედ ყველა მხარის მონაწილეობით კონსესუსის მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ისიც თქვა, რომ დეოლიგარქიზაცია კანონპროექტში არა კონკრეტული გვარ-სახელების მითითებით, არამედ სწორი კრიტერიუმების გაწერით მიიღწევა.

ევროკომისრის ეს პასუხი, ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა, ზედმეტად დიპლომატიურად მიიჩნიეს, ნაწილი კი არც კომისარი ვარჰეის კრიტიკას და მის პოლიტიკურ წარმომავლობაზე აქცენტს მოერიდა, ოპოზიციამ ოლივერ ვარჰეის უნგრეთის პრემიერის - ვიქტორ ორბანის პარტიასთან კავშირიც გაიხსენა.

ოპოზიცია ევროკომისრის ვიზიტს და მის განცხადებებსაც დეპოლარიზაციის გასაღრმავებლად იყენებს - აცხადებენ მმართველ პარტიაში და განმარტავენ, რომ თავად ეს ფაქტი, ნათლად მიუთითებს ოპოზიციის ჩანაფიქრზე, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას დაბრკოლებები შეუქმნას.

მმართველ პარტიასთან ერთად, ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე და შეცდომებზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილში, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" ერთად სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობს. პარტია "გირჩისა" და "მოქალაქეების" წევრებისთვის გაუგებარია, რატომ ვერ იგებენ კოლეგები ევროპელი პარტნიორების გზავნილებს.

საქართველოს სურვილზე და ქართველი ხალხის არჩევანის მნიშვნელობაზე - ოლივერ ვარჰეიმ ვრცლად, მთავრობის ადმინისტრაციაში სტუმრობის დროს ისაუბრა. ევროკომისარმა ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მაღალი ტრიბუნიდან დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით. ევროკომისარს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა, ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობისა და საბოტაჟის მიუხედავად, საქართველო ევროპულ არჩევანს არ დათმობს.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა, სადაც ასევე საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, აქცენტი დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

დღის ამბები