27 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
შესაძლოა ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ღირსებაც სხვის ინტერესებს შევწიროთ, ევროპული ბევრი რამ მისაღებია, მაგრამ არა ყველაფერი - დიმიტრი ხუნდაძე 

პარლამენტის წევრი და მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც ხუნდაძე წერს, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში იდეოლოგიური ომია, მათ შორის საქართველოშიც.

დღეს, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ისტორია მეორდება. თითქმის ერთი საუკუნის წინ ულტრანაციონალურმა მოძრაობამ ევროპაში ფაშიზმი წარმოშვა, რასაც მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა.

მას შემდეგ მსოფლიო თანამეგობრობამ ამის საპირისპიროდ გლობალიზაცია შემოგვთავაზა, რაც ბევრი კუთხით კარგია, მაგრამ აქვს ხარვეზები პატარა სახელმწიფოებთან მიმართებით.

პროცესები აქაც უკიდურესობამდე მივიდა: - ულტრალიბერალურმა იდეოლოგიამ ახალი ფორმის ძალადობა წარმოშვა, რომლის იარაღად დემოკრატია იქცა. არადა, ასეთი ქმედება სწორედაც რომ ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებს უთხრის ძირს და ყველაზე დიდი მსხვერპლი შესაძლოა ტრადიციული, პატარა ქვეყნები აღმოჩნდნენ.

ისტერიული კამპანიით ტრადიციული იდეოლოგიის საზოგადოებას ძალით თავს მოახვიო ის, რაც მისთვის მიუღებელია, ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.

მსოფლიო პოლიტიკა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავიდა და დღეს, ულტრალიბერალიზმმა კვლავ წარმოშვა ულტრარადიკალიზმი საზოგადოების გარკვეულ ფენაში.

გვსურს თუ არა ასეთი მსოფლიო წესრიგი, სადაც ერთ რადიკალიზმს ცვლის მეორეს და ორივე დამანგრეველია სახელმწიფოებისთვის?

რატომ ვერ ხერხდება დღემდე ლიბერალური თუ კონსერვატიული იდეოლოგიის ისეთი ფორმით განხორციელება, სადაც საკუთარი ღირებულებების აღიარება სხვისი უფლებების დარღვევას არ იწვევს? უფრო მეტიც, არ ძალადობს სხვაზე.

გარდა ამისა, დღეს კიდევ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით:-"თანამედროვე პოლიტიკოსებად" შერაცხულები და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ კეკლუცს და პოლიტიკურ მოდას არის აყოლილი.

ზოგი სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ განზრახ აკეთებს ამას, ზოგს საკუთარი დროშაც დაავიწყდა და სხვისას აფრიალებს, ზოგიც სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ მაინც კეკლუცობს და სხვანაირად ამბობს.

მათი აზრით, რადგან ევროპულია, ცუდიც კი კარგია. ასე კეკლუც-კეკლუც , მოდა-მოდა შესაძლოა ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ჩვენი ღირსებაც სხვის ინტერესებს შევწიროთ. ევროპული ბევრი რამ მისაღებია და გასათვალისწინებელიც,მაგრამ არა ყველაფერი.

მოკეკლუცე პოლიტიკოსებს ვურჩევდი, საკუთარი ღირსება მცირედით მაინც დაიტოვონ, თორემ იმ ევროპას და დასავლეთს მორჩილები მხოლოდ აღმსრულებლებად სჭირდებათ, პატივს კი მათ არ სცემენ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მსოფლიო პოლიტიკაში იდეოლოგიური ომია, მათ შორის საქართველოშიც. კულმინაციას მიღწეული ნებისმიერი პროცესი ვარდნას განიცდის.

ულტრალიბერალიზმმაც კულმინაციიდან ვარდნა დაიწყო და ეს პროცესები ულტრარადიკალებმა რომ არ გამოიყენონ, აუცილებელია არა ემოციებზე, არამედ, გონებაზე დაფუძნებული ეროვნულ-ევროპული, კონსერვატორული იდეოლოგია შევთავაზოთ მოსახლეობას.

ეს არის დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი გამოსავალი.

ლიბერალები უკვე დიდი ხანია არა რეალურ, არამედ ლამაზად შეფუთულ ყალბ პოლიტიკას სთავაზობენ ხალხს. პოლიტიკა კი მხოლოდ სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს.

სწორედ სიმართლის თქმის პრინციპზე დაფუძნდა ჩვენი მოძრაობა "ხალხის ძალა", რომლის მთავარი მიზანი ეროვნულ ღირებულებებზე დამყარებული, ევროპული კონსერვატორიზმის ჩამოყალიბებაა საქართველოში.

 ჩვენ არ ვითვალისწინებთ მხოლოდ ერთი მხარის შეხედულებებს და მივყვებით თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას, სადაც არ მოსწონთ ის "ლიბერალური ძალადობა", რომელიც არა დემოკრატიის, არამედ, ავტოკრატიის გამოვლინებაა.

გლობალიზაციას მალე შეცვლის ეროვნულ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თვითმყოფადი სახელმწიფოების ახალი იდეოლოგიური მიმართულება, სადაც გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოების, არამედ, პატარა ერი-სახელმწიფოების ინტერესებიც. სწორედ ასეთ მსოფლიო თანამეგობრობაში ექნება საქართველოს ღირსეული ადგილი.

ეს პროცესები შეუქცევადია. ამიტომ, არა მხოლოდ ქართველ, არამედ, დიდი სახელმწიფოების დიდ პოლიტიკოსებსაც კი ვურჩევდი, ჩვენს, როგორც ახალი მსოფლიო რეალობის ნაწილის მიმართ შეფასებებში სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან როდესაც ხალხის ძალას ბრძოლის ერთადერთი იარაღი სიმართლე აქვს, გამარჯვება გარდაუვალია.

სიმართლე კი ჩვენი ერთადერთი იარაღია, რომლიც ამ ურთულეს ვითარებაში დაიცავს ქვეყანასაც და საზოგადეობასაც," - ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

დღის ამბები