ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრაობა დღეს სრულად აღდგა .
ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 თვის წინ დაიწყო. განახლებას საჭიროებდა მიწისქვეშა კომუნიკაციები , გარე განათება.
პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, წყალმომარაგების და გაზმომარაგების სისტემები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სანათები. ასევე, მიწისქვეშ განთავსდა ელექტროსადენებიც და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები . შესრულებული სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა თავად შეამოწმა.
გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები სავალი ნაწილის ორივე მხარეს გამოიყო . ავტომობილებისთვის გადაადგილება მხოლოდ გზის შუა ნაწილშია შესაძლებელი. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 500 000 ლარით დაფინანსდა.
გამზირზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც - განახლდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ავლაბრისა და ერევნის სკვერებს. დაირგო ახალი ხე-მცენარეები და ბაღის ტერიტორიაზე მოეწყო განათების სისტემა .
პარალელურად დაწყებულია ავლაბრის მოედნის სრული განახლება . მეტროსადგურის ზედა ნაწილის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს . სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მომავალი წლიდან წერეთლის , რუსთაველისა და ვაჟა ფშაველას გამზირების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.