სხეულის ენით და განსხვავებული ესთეტიკით გადმოცემული ემოცია - გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტი" მეშვიდე სეზონის გახსნისთვის ემზადება. საღამოზე, დასის ახალგაზრდა წევრები ალექსიძის ქორეოგრაფიულ მემკვიდრეობას ახალი ხედვით წარმოადგენენ.
საავტორო სპექტაკლებს და რეპერტუარს მარიამ ალექსიძე ქმნის. სწორედ მან დაიწყო მამის ქორეოგრაფიის აღდგენა და გაცოცხლება. დასის ახალი პროგრამის მთავარი კონცეფცია სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის იდეაა.
საბალეტო დადგმები სოლო ნომრებისგან შედგება. ეს ქმნის პროგრამის უწყვეტი დრამატურგიის ხაზს . ერთსაათიანი წარმოდგენა თანამედროვე ბალეტით- "ლირიკული სიუიტა", ალბან ბერგის მუსიკაზე გაიხსნება. პირველად გაცოცხლდება საბალეტო მინიატიურა, მორის რაველის ჰანგებზე. დასის რეპერტუარიდან კვლავ აღდგება გია ყანჩელის "ფსალმუნი" და საბალეტო მინიატიურები ედისონ დენისოვის, დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და გია ყანჩელის მუსიკაზე.
გიორგი ალექსიძე, რომელიც საქართველოში ნოვატორი ქორეოგრაფი იყო, თავისი განსხვავებული ხედვით და თავისებური მოძრაობის ლექსიკით, ქართულ ბალეტში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა. გიორგი ალექსიძე იყო პირველი ვინც, ბალეტში სიმფონიური ცეკვის ჟანრი შემოიტანა.
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო, რომელიც ორი თანამედროვე ბალეტისგან და საბალეტო მინიატურებისგან შედგება, ორი დღის განმავლობაში სამეფო უბნის თეატრში იქნება წარმოდგენილი. მაყურებელი თანამედროვე ბალეტს 15 და 16 ნოემბერს იხილავს.