მიხეილ სააკაშვილი პალატაში დღის ბოლოს დედამ მოინახულა და მედიას უთხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, აქვს ტემპერატურა და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა ოჯახისა და თანაპარტიელების კვლავ მთავარ მოთხოვნად რჩება. ექსპრეზიდენტთან პალატაში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებოდნენ.
სხვადასხვა სახის კვლევა მიხეილ სააკაშვილს "ვივამედში" დღესაც ჩაუტარდა. კლინიკის დირექტორმა თქვა, რომ იმის გარკვევა, თუ რატომ აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მაღალი ტემპერატურა ერთ დღეში შეუძლებელია, ამიტომ პაციენტს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები ნახავენ.
საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის პროცესიც უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მორიგ ჯერზე გადაიდო. მიზეზი პენიტენციური სამსახურის ოქმი გახდა, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილს სხდომაზე დასწრება არ შეუძლია. სასამართლოში მხოლოდ ექსპრეზიდენტის დაკითხვის ეტაპია დარჩენილი, რის მერეც განაჩენი უნდა გამოცხადდეს, თუმცა მისი დაკითხვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადვოკატები ექსპერტების დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც აპირებენ მიმართონ სასამართლოს სასჯელის გადავადების შესახებ.
მმართველი გუნდის წევრები ოპონენტებს ურჩევენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტს მკურნალობის შესაბამის კურსი საქართველოშიც უტარდება.
ხვალ კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ექიმები შეიკრიბებიან და კონსილიუმს გამართავენ. ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.