27 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
აფეთქება სტამბოლში, რომელიც ტურისტმა შემთხვევით გადაიღო - რა ჩანს კადრებში და როგორია დაშავებულების მდგომარეობა

სტამბოლში ძლიერი აფეთქების მომენტი გამვლელმა ტურისტმა შემთხვევით გადაიღო, როდესაც  ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და ტურისტულად დატვირთულ გამზირს, ისტიკლალს ათვალიერებდა.

სათვალთვალო კამერის ჩანაწერებზე  დაფიქსირებულია ტერაქტის ზუსტი დრო - დღის 4 საათი და 13 წუთი - ამ დროს ქუჩაც, იქ მდებარე რესტორნები თუ მაღაზიები ხალხით არის სავსე.

მძლავრ აფეთქებას შესაბამისად მძიმე შედეგები მოჰყვა - 8 დაღუპული და 81 დაშავებული. სწორედ ამ წუთიდან დაიწყო კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება. კამერების ჩანაწერებით მომხდარიდან მალევე პირველი საეჭვო დეტალი და მთავარი ეჭვმიტანილი შენიშნეს. ეს იყო ქალი, რომელიც აფეთქების ადგილზე თავდასხმამდე 40 წუთით ადრე მივიდა და ქუჩაში ჩამოჯდა. შემდეგ ადგა და წავიდა, თუმცა ჩანთა რომელიც თან ქონდა სკამზე დატოვა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ოფიციალური ვერსიით სწორედ ამ ჩანთაში იდო.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში ეჭვმიტანილი პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში დააკავა. აქვე ამოიღეს იარაღი, ფული და დოკუმენტები.

კავშირები ქურთ მუშათა პარტიასთან და დამნაშავეთა ქსელთან რომელიც სირიიდან იმართებოდა - ეს თურქული გამოძიების ოფიციალური ვერსიის მთავარი ხაზია. ამავე განცხადებაში ქვეყნის შს მინისტრმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ტერორისტების ხელშემწყობ სახელმწიფოებსაც ეკისრებათ. მინისტრმა მათშორის ირიბად შეერთებულ შტატებზე მიანიშნა, რომლისგანაც არც სამძიმარი მიიღო.

მკაცრი გზავნილი ჰქონდა თურქეთის პირველ პირს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტერაქტზე პასუხისმგებელ პირებს და ორგანიზატორებს ღია მუქარას უგზავნის..

ისტიკლალის გამზირზე თავდასხმის ადგილი ამ დრომდე შემოსაზღვრულია. სპეცსამსახურები აქ ყველა ფრაგმენტს და დეტალს იკვლევენ, რაც დანაშაულის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდით. პირველ ეტაპზე იყო ინფორმაცია 22 დაკავებულის შესახებ, რამდენიმე საათის წინ ეს რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. გამოძიების პარალელურად ადგილზე მიდიან ოფიციალური პირები და დაღუპულების ხსოვნას მიაგებენ პატივს.

81- დაზარალებულიდან 50 კლინიკებიდან უკვე გაწერეს, დანარჩენები მკურნალობას განაგრძობენ, მათგან 5 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

დღის ამბები