27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
8 - თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ხერსონში უკრაინის დროშა ისევ ფრიალებს - რა ხდება უკრიანაში ომიდან 8 თვის შემდეგ

8 თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ხერსონში უკრაინის დროშა ისევ ფრიალებს, აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი. ქალაქის ქუჩებში რუსი ოკუპანტების ნაცვლად დღეს მოსახლეობასთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტი გადაადგილდებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის გამოჩენა ქალაქში სიურპრიზი აღმოჩნდა ხერსონელებისთვის. მოსახლეობა უკრაინელ სამხედროებთან ერთად ზეიმობდა, როცა მათთან ქვეყნის პრეზიდენტი მივიდა. ზელენსკიმ თანამემამულეებს ამჯერად სწორედ გათავისუფლებული ხერსონიდან მიმართა და ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას დაპირდა.

ბოლო მონაცემებით, ხერსონის ოლქში 179 დასახლებაა გათავისუფლებული, მათ შორის ბერისლავის რაიონის 11-ივე ტერიტორიული თემი, თუმცა რუსმა სამხედროებმა თითქმის ყველგან ნაღმები დატოვეს, წასვლამდე კი უკრაინული მხარის ინფორმაციით, 400-ზე მეტი ომის დანაშაული ჩაიდინეს.

მოქალაქეები სახელმწიფო დროშის აღმართვას ახლა მარიუპოლში, ლუგანსკსა და დონეცკშიც ელოდებიან. მიზნის მისაღწევად ქვეყნის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევებს განაგრძობენ. ბოლო 24 საათში მათ ლუგანსკის ოლქში კიდევ 12 დასახლების გათავისუფლება მოახერხეს.

თითქმის არაფერია დარჩენილი დონეცკის ოლქის დასახლებებისგანაც. რეგიონში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, პარალელურად კი წყლისა და ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები ყოველდღე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების სამიზნე ხდებიან.

რუსულ ბომბებს უკვე 264-ე დღეა ემალებიან ხარკოვსა და სუმშიც. მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლებისა და ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა - სწორედ ეს არის უკრაინელი სამხედროების წინსვლაზე რუსეთის პასუხი.

მხოლოდ ბოლო 24 საათში რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ისევ დაიბომბა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ამიტომ უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში, მათ შორის კიევში დღესაც ასე დაღამდა.

დღის ამბები