საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფი იმყოფება - მათ ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სამუშაოები უნდა შეაფასონ.
"ბაკურიანი შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს მომავალში. საბოლოო შემფასებელი მისია საქართველოს ესტუმრა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ინსპექტირება წარმატებით დასრულდება. შედეგად ჩვენ მივიღებთ ხელოვნური გათოვლიანების აბსოლუტურად ახალ სისტემებს, გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, ახალი საბაგირო გზების და ახალი ტრასების სახით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ჯგუფის ხელმძღვანელი ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით.
"ჩვენ ვიმყოფებით ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 2023 წელს ბოლო შემოწმების განსახორციელებლად. ჩვენ შევამოწმებთ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა კონსტრუქციას და ორგანიზაციულ საკითხებს. როგორც ჩანს, ყველა სამუშაო ძალიან კარგად არის შესრულებული და ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. 2023 წლის თებერვალ-მარტში უმაღლესი ხარისხის ჩემპიონატის ჩატარებას შევძლებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, ვიმედოვნებთ, ძალიან კარგი ღონისძიება გამოგვივა," - ამბობს საერთაშირისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალური მდივანი მიშელ ვიონი.