27 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სხდომაში მონაწილეობს

პრაღაში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარული სხდომა გაიხსნა.

პლენარულ სხდომაში, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის რესპუბლიკის და საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარე დავით სონღულაშვილი მონაწილეობენ.
COSAC-ის პლენარულ სხდომაზე ევროპის კონტინენტზე არსებული გამოწვევებზე, ევროკავშირის მომავალსა და გაფართოების პოლიტიკაზე იმსჯელეს.

„ეს ფორმატი საუკეთესო შესაძლებლობაა, ჩვენს კოლეგებთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გაწევრიანების პერსპექტივებზე სასაუბროდ. დღეს ჩვენ მსჯელობა გვქონდა როგორც ჩეხეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ასევე, ევროკავშირის მომავალზე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ დელეგაციების დიდმა ნაწილმა ახსენა საქართველო და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა, როგორც ჩვენი რეგიონისთვის ასევე, თავად ევროკავშირისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპული კომიტეტების ხელმძღვანელები იკრიბებიან და ასევე, ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ევროპელმა კოლეგებმა მოისმინონ თუ რა პროგრესი აქვს ქვეყანას რეკომენდაციების შესრულების კუთხით და როგორ მიიწევს საქართველო ევროკავშირისკენ.

„ყველა ის მხარდამჭერი განცხადებები, რომელიც დღეს გაკეთდა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად სწორად, თანმიმდევრულად მიმდინარეობს ევროპისკენ სვლა. თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს და დაგვაბრუნებს ჩვენს ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სხდომაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარული სხდომა 14-15 ნოემბერს გაგრძელდება.

დღის ამბები