ქართველი ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია ექსკლუზიურად Veon საქართველოს (ბილაინი) შეძენის დეტალებზე Forbes Georgia-სთან საუბრობს.
-თქვენ რამდენიმე თვის წინ „ბილაინის”, იმავე „VEON საქართველოს” 100%-ის მფლობელი გახდით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში?!
- რაც შეეხება „ბილაინის“ 100%- ის შეძენას, კი ბატონო, ეს ასეა, თუმცა ერთი დათქმით და შესწორებით: გარიგება დასრულდა მხოლოდ იმ პერიოდში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას მოიცავს, თორემ რეალურად მოლაპარაკება და საბოლოო შეთანხმება გაცილებით ადრე შედგა, ჯერ კიდევ გასულ წელს და უბრალოდ, საბოლოოდ 2022 წელს გაფორმდა. ფასიც და პირობებიც გამჭვირვალეა, შეგიძლიათ, ნახოთ.
- პირადად თუ გქონიათ კომპანია „Letter One”-ის მეპატრონეებთან პიოტრ ავენთან ან მიხაილ ფრიდმანთან საუბარი ამ გარიგების მსვლელობისას?
- არა. მოლაპარაკებები მიდიოდა მათ მმართველ და მენეჯერთა ჯგუფთან, რომლებიც ალბათ და შესაძლოა ყველაფერს უთანხმებდნენ. ვერაფერს გეტყვით.
- და, ის მართალია თუ არა, რომ პროცესი „მიყიდე-მომყიდე” წლები გრძელდებოდა „VEON საქართველოსთან“ ანუ „ბილაინთან“ დაკავშირებით? - კი, ეს სიმართლეა. პროცესი სამ თუ მეტ წელიწადს გაიწელა, მაგრამ დასრულდა, როგორც დასრულდა.
- მაგრამ მე ჩემი მკითხველისთვის მაინტერესებს ისტორია, თუ როგორ შემოვიდა რუსული „ბილაინი“ საქართველოში, ანუ კომპანია „ვიმპელკომი“. ამბობენ და ჰყვებოდნენ, რომ ეს მოხდა იმ მიზეზით, რომ „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ ოლიგოპოლიური გარიგებები დასრულებულიყო ბაზარზე.
- არც ეს არის სწორი ინფორმაცია. ამბავი სულ სხვაა და თუ გაინტერესებთ „ბილაინის“ შემოსვლა საქართველოში, ის გაცილებით ადრე იწყება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების სექტორით და სატელეფონო კომპანიის შექმნით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 96-97 წლებში დაინტერესდა.
„ჩვენი დაინტერესება საკომუნიკაციო ბიზნესით 90-იანი წლების ბოლოსკენ დაიწყო, როცა გავიგე ამ პერსპექტიული მიმართულების შესახებ, რის შემდეგაც საქართველოში შევიძინეთ შესაბამისი სიხშირე ანუ ლიცენზია - ცხადია, თავისი საინვესტიციო ვალდებულებებით (900 MHZ). არ დავმალავ, იმ დროისთვის საწყისი ინვესტიცია საჭირო იყო $20-30 მილიონის ფარგლებში, რაც საკმაოდ რთულად აწევადი იყო ჩემთვის.
მოსკოვის საქმიანმა რუტინამ გაწელა დრო, და დამიგვიანდა მეტი ყურადღების დათმობა ამ მიმართულებისთვის. შემდგომ ფორსმაჟორში ჩემს პარტნიორებთან ერთად, დავკონტრაქტდით ამერიკულ-კანადურ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფდა იმ პირველად საბაზისო ინვესტიციებს. დაიქოქა პროცესი, დაიწყო ინფრასტრუქტურული დაგეგმარება, მაგრამ მცირედი დაგვიანება სალიცენზიო პირობებისა მაშინდელმა მთავრობამ და სამინისტრომ არ გვაპატია. უამრავი თხოვნის, ინვესტორების ჩარიცხული თანხების მიუხედავად, სახელმწიფომ უარი გვითხრა, და ლიცენზია ჩამოგვერთვა. ვერაფერს გავხდი საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ რა გითხრათ... თითქოს ჩარჩენილი დარდივით იყო, რომ ამ მიზნისთვის ჩვენს ჯგუფს მაინც უნდა მიეღწია და მიზნად დავისახე, რომ აუცილებლად შევქმნიდით, ჩამოვაყალიბდებით საკომუნიკაციო კომპანიას. ასე მივადექით კომპანია „ბეტაკომს”, რომლის ბაზაზეც შემდგომ აშენდა რეალობა, სადაც მოვიპატიჟეთ რუსული კომპანია „ვიმპელკომი“, რომელსაც იმ პერიოდში უკრაინული მენეჯმენტი მართავდა. ვიდრე ახალ ინვესტორთან შეთანხმება შედგებოდა, მანამდე ავიღეთ დამატებით ახალი ლიცენზიები და მომზადდა ყველაფერი უკვე „ვიმპელკომის” შემოსაყვანად, სადაც ვერ შევთანხმდით და 51% ჰქონდა „ვიმპელკომის“ მხარეს. ასე იწყება და გრძელდება, ვისაც სიმართლე აინტერესებს, „ბილაინის“ ისტორია, რომელმაც საქართველოში დასაწყისში $150 მლნ-ის ინვესტიცია და ჯამურად 300 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, დაასაქმა ათასობით ადამიანი და გამოზარდა სრულიად ახალი პროფესიონალები დარგისთვის. და ვერ ვხვდები, რა არის ამაში ცუდი? შემდგომ ჩვენი (ქართველი პარტნიორები) მხარე ყიდის თავის წილებს, და მე პირადად 20%-იანი წილით ვიყავი წარმოდგენილი. მახსოვს, მქონდა გეგმაში, რომ „კავკაზუს ონლაინის” და „ბილაინის“ გაერთიანება მომეხდინა, მაგრამ ამ პროექტზე თავად „ბილაინის“ წარმომადგენლებმა თქვეს უარი. გული მწყდება, რომ ეს არ მოხდა, რადგან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, რომელიც მეგაკომპანიის შექმნას ითვალისწინებდა. თუმცა, როგორც არის - ახლა არ არის ამაზე მეტი ფიქრი საჭირო, ზოგადად, ტიპიც ასეთი ვარ, ვცდილობ, სწრაფად გადავშალო და დავივიწყო წარსული, ძველი თემები და ახალი საქმე დავიწყო. მაგრამ წინ ახალი პრობლემა გველოდა - იმ პერიოდში „ვიმპელკომის” ანუ ჩვენი პარტნიორების მთელი აღმასრულებელი გუნდი შეიცვალა, მოვიდა ახალი მენეჯმენტი, დადეს ახალი განვითარების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მცირე ბაზრების ქვეყნებიდან გამოსვლას და, ცხადია, მათ შორის მოხვდა საქართველოც.
ასე დადგა რეალობა, რომ მათ გადაწყვიტეს საკუთარი აქციების გაყიდვა და 3-წლიანი საკმაოდ რთული მოლაპარაკებების შემდეგ დავხურეთ ეს გარიგება შარშან, შემოდგომის ბოლოსკენ - როგორც გითხარით, ეს არ არის კავშირში რუსეთ-უკრაინის ომთან. პირიქით - ყველაფერი გაცილებით ადრე და დიდხანს მიმდინარეობდა, მიმდინარეობდა საკმაოდ დაძაბულად - მათ შორის ერთმანეთთან საქართველოში და საერთაშორისო სასამართლოებშიც დავები გვქონდა, მაგრამ მოკლედ, დაიხურა, როგორც იქნა, ეს დამღლელი, საკმაოდ ხარჯიანი და დროში გაწელი პროცესი, და ახლა „ბილაინი“ არის 100%- ით ქართული კომპანია, რომელშიც ძალიან ბევრი სიახლე და სიურპრიზი ელის მომხმარებელს, მათ შორის, ცხადია, ეს ყველაფერი მოხდება კომპანიის მასშტაბური რებრენდინგის ფონზე. 2023 წლიდან ბევრ სიახლეს გაიგებთ „ბილაინზე“ და ჩვენზე საკომუნიკაციო მიმართულებით. გარკვეული პროექტიც შედგა, რომელიც X ინვესტიციების სანაცვლოდ შეძლებს ჩვენი კომპანიის პოზიციების დაახლოებას „მაგთისთან“ და „ჯეოსელთან“, - ამბობს ქართველი ბიზნესმენი.
(R)