27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
როგორც კი აშკარა გახდება, რომ "ოცნების" გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ქუჩაში 100 ათასობით ადამიანი - პირველი გავალ მე-მანჯგალაძე

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. დეპუტატები ცვლილებებს მიმდინარე კვირას სესიაზე კენჭს მეორე მოსმენით უყრიან.

ოპოზიციის ნაწილი მის მხარდაჭერას არ აპირებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ასი ათასობით ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, როდესაც ცნობილი გახდება, რომ "ქართული ოცნების" გამო ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ხელისუფლებას სურს მიიღოს, ევრორეკომენდაციების შესრულებას არ ემსახურება.

"როგორც კი აშკარა გახდება, რომ "ქართული ოცნების" გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში და პირველი გავალ მე, რომ ამაზე პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას, რომელიც ამ ისტორიულ შანსს დააკარგვინებს ქვეყანას," - განაცხადა მანჯგალაძემ. 

მანჯგალაძის ამ განცხადებას მმართველ გუნდში უპასუხეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს დიდი სურვილი აქვთ, რომ ქვეყანაში შექმნან ვითარება, როცა შეიძლება რომელიმე რეკომენდაციის შესრულება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს და მათი მიზანიც სწორედ ეს არის.

"ესიზმრება და ელანდებას ამბავია. ძალიან დიდი სურვილი აქვთ ამ პოლიტიკურ გუნდებს, თუ ჯგუფებს, რომ შექმნან საქართველოში ისეთი ვითარება, როდესაც რომელიმე რეკომენდაციის შესრულება აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ . ამისკენ იღვწიან და ცდილობენ, რომ რეპუტაციულად მაინც დააზიანონ ის პროცესი, რომელი პროცესიც წარიმართა საქართველოში ამ რეკომენდაციების შესასრულებლად,"-აცხადებსპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები