27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
ოთარ შამუგიამ და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმება, შვედეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მხარდასაჭერად, 3.4 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ოთარ შამუგიამ ქვეყნისთვის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც შვედეთის განვითარების სააგენტო დაახლოებით 3,5 მილიონი ლარის კონტრიბუციას გააკეთებს ამ მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისთვის, რომ  ხელი შევუწყოთ ბიზნეს ოპერატორებს, რათა დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები. ასევე ამ კონტრიბუციით სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელი შეეწყობა შემდგომი გაძლიერებისთვის,"-აცხადებს ოთარ შამუგია. 

ამასთან, საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ ENPARD III-ის წარმატებული განხორციელების შესახებ ისაუბრა და ENPARD IV-ის ფარგლებში, ქვეყნის სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით  ხელშესახები შედეგების მიღწევის სურვილი გამოთქვა.

"ეს შეთანხმება არის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის მორიგი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. მნიშვნელოვანია, რომ ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის განხორციელებაშიც FAO-ს, ჩეხეთის რესპუბლიკის, ევროკავშირის და შვედეთის სამეფოს ექსპერტები თანაბრად იქნებიან ჩართული. აღნიშნული პროექტის ეფექტიანი განხორციელება მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში", – განაცხადა რაიმუნდ იელემ.

დღის ამბები