ზემო იმერეთი, მოხვა - ამ სოფელში საუკუნეების წინ აშენებული ბევრი სახლი დგას. ყველაზე ძველი 200 წლისაა და რაჭველი ხის ოსტატების მიერ გაკეთებული აივანი დღემდე კარგადაა შემონახული.
სწორედ აქ, მოხვაში დღემდეა შემონახული უძველესი პროფესიებიც, ისეთები როგორებიცაა მეწისქვილე, მჭედელი. სამჭედლოც თითქმის ისეთია, როგორიც ადრე იყო. ყველაზე ხშირად მჭედელს სასოფლო-სამეურნეო ნივთების გამოჭედვა უწევს.
აქაურ ნაკეთობებზე მოთხოვნა უკვე ნაკლებადაა, თუმცა სამჭედლოს მაინც არ აუქმებენ. ეს ტრადიციაა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს.
სოფელ მოხვაში ხალხმრავლობა მხოლოდ ზაფხულობითაა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად ეს სახლები ნელ-ნელა იცლება და ქუჩაშიც ძირითადად ასაკოვან ადგილობრივებს თუ ნახავთ.
სწორედ წყლის წისქვილებითაა ცნობილი სოფელი მოხვა. თუ ადრე აქ რამდენიმე ათეული წისქვილი მუშაობდა, დღეს მოქმედი მხოლოდ თხუთმეტია.
მეწისქვილეობით აქ აღარავინ ირჩენს თავს. ადგილობრივები ხშირად ერთმანეთის წისქვილებსაც იყენებენ და ეს ყველასათვის უფასოა.
მოხვაში სეირნობისას შეიძლება გეგონოთ რომ დრო გაჩერდა. ხის საუკუნოვანი წისქვილები ამ სოფელს საოცარ ხიბლს სძენს და ადგილობრივებმაც ეს კარგად იციან.
აი ასეთია ზემო იმერეთის სოფელი მოხვა: ძალიან მშვიდი, ლამაზი და ძველებური. მალე აქაურობას თოვლი დაფარავს და მოხველებიც ზამთარს მომზადებულები ელიან. ეს არის ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ.