1 ნოემბრიდან მომხმარებელთა უფლებებს კანონი იცავს. უკმაყოფილების შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მარტივი საჩივრის ფორმა შეავსოს, დაურთოს მტკიცებულებად ფოტო-ვიდეო მასალა ან მოვაჭრესთან მიმოწერა. კონკურენციის სააგენტო კი განაცხადს განიხილავს და მხარეებს მორიგებაში დაეხმარება. მომხმარებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის კანონში გაჩენილი ჩანაწერი, რომ გამყიდველი ვალდებულია 14 დღის განმავლობაში გაყიდული ნივთი, უპირობოდ დაიბრუნოს.
სანამ მომხმარებელთა პრობლემების აღმოფხვრაში კონკურენციის სააგენტო ჩაერთვებოდა, უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მყიდველებისთვის ერთადერთი პლატფორმა არსებობდა, სადაც საკუთარ პრეტენზიას ანდა ბრაზს აფიქსირებდნენ - ჯგუფი სოციალურ ქსელში " სასოწარკვეთილი მომხმარებლები".
კანონის ამოქმედებამდე მომხმარებელს საკუთარი უფლების დაცვა სასამართლოში უწევდა. დავა კი ხშირ შემთხვევაში წლების განმავლობაში გრძელდებოდა და მომხმარებელი შეძენილი ნივთის საფასურზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავდა.
მომხმარებელთა უფლებების ისტორიის ახალი ეტაპი საქართველოში 2022 წლის ნოემბრიდან იწყება და ის ევროპასთან ასოცირების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა კანონის ქართული რედაქცია ევროპულისგან განსხვავებით, მეტად ჰუმანურია ბიზნესისთვის. ამ ეტაპზე მომხმარებელთა უფლებები მეტად დაცულია ონლაინ შეძენისას, ვიდრე ფიზიკური ვაჭრობისას, მაგრამ არის მოლოდინი, რომ რეგულაცია დროთა განმავლობაში გამკაცრდება.
რაც შეეხება მომხმარებლებისთვის სამართლიანობის აღდგენის პროცედურებს, ის საკმაოდ მარტივია. შენაძენით უკმაყოფილო მოქალაქეს, შეუძლია განაცხადი გააკეთოს დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით, ან ფიზიკურად კონკურენციის სააგენტოში. უნდა წარმოადგინოს შენაძენის ჩეკი და სხვა მტკიცებულებები. სააგენტო საკითხს მაქსიმუმ 1 თვის ვადაში განიხილავს. მოვაჭრეს გააფრთხილებს ანდა აიძულებს დააკმაყოფილოს მყიდველის პრეტენზია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააჯარიმებს წლიური მოგების 2 პროცენტით. ურჩი გამყიდველის საქმე, შესაძლოა, სასამართლომდეც მივიდეს, საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზებისა თუ სხვა პროცედურების თანხასაც არაკეთილსინდისიერი მოვაჭრე აანაზღაურებს.