მსოფლიო აღიარება - ქართული სტარტაპი "თენეო" პროგრამისტების საერთაშორისო კონფერენციის გამარჯვებულია. ანა რობაქიძის ტექნოლოგიურმა ჩანაფიქრმა მსოფლიოს ქართული შესაძლებლობები კიდევ ერთხელ აჩვენა და 100-ს საუკეთესო სტარტაპს შორის საუკეთესოდ დასახელდა. ამერიკული გამოცდილებით გაჯერებულ ქართული სტარტაპი - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რესურსია, რომელიც კომპანიებს "ეი პი აი" დოკუმენტაციის შედარებით სწრაფად და ბიუჯეტურად შექმნას სთავაზობს.
ბოლო წუთამდე არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. ანა რობაქიძე 2 ათასზე მეტ საერთაშორისო სტარტაპერს შორის გამოარჩიეს და საბოლოოდ ფინალისტადაც ის დაასახელეს. ემოციებიც შესაბამისი იყო.
ასე გახდა Theneo პირველი ქართული კომპანია, რომელმაც სტარტაპების კონკურსში ასეთ წარმატებას მიაღწია და რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა. ღონისძიებას წელს 70 ათასზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. ამ ამბავმა პორტუგალიიდან საქართველოში მალევე ჩამოაღწია და მთელი ქვეყანა გააერთიანა.
ოფისი ჯერ არ აქვთ. სახლიდან მუშაობენ. მის გუნდში 10 ადამიანია. Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რესურსია, რომელიც ვებდეველოპერებსა და კომპანიებს API დოკუმენტაციის შედარებით სწრაფად და იაფად შექმნას სთავაზობს. API მექანიზმია, რომელიც ორ პროგრამულ კომპონენტს ერთმანეთთან აკავშირებს. მაგალითად, ამინდის ბიუროს პროგრამულ სისტემაში განთავსებულია ინფორმაცია ამინდის პროგნოზის შესახებ. ჩვენს მობილურებში, ამინდის აპლიკაციაში, ეს ინფორმაცია სწორედ API-ის საშუალებით მოდის. Theneo-ს დღესდღეობით 1500-ზე მეტი კომპანია იყენებს.
ელოდნენ, რომ ფინალისტებს შორის დასახელდბოდა, თუმცა ანა რობაქიძე პროგრამისტების საერთაშორისო კონკურსის ჩემპიონი რომ გახდებოდა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშიც გაუკვირდათ. "თენეოს" გუნდს პირველი ნაბიჯების გადადგმაში სწორედ ინოვაციების სააგენტო დაეხმარა.
ქვევრიც და ღვინოც 8 000 წლიანი ტრადიციაა, თუმცა აქ ინოვაციური მიდგომით ცოცხლდება - მექვევრის უძველესი საქმე რობოტმა მოირგო, ღვინის ჭურჭელი 3D პრინტერით იბეჭდება. თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ქვევრის შექმნის იდეა რამდენიმე მეგობარს გაუჩნდა, მოგვიანებით კი გარდაცვლილი ძმის დაწყებული საქმე ბექა გუჯეჯიანმა გააგრძელა.
ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა, რითაც საქართველო UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია მოხვედრილი. მათემატიკურმა ფორმულამ ქვევრის დამზადების რამდენიმე კვირიანი და შრომატევადი პროცესი 1 საათამდე შეამცირა. თანამედროვე მეთოდით შექმნილი ქვევრი კიდევ უფრო მტკიცე და გამძლეა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
ქვევრების დასაბეჭდად ახალი კერამიკული 3D პრინტერი საქართველოში პირველად შეიქმნა. კომპანია მომავალში უკვე ტონიანი ქვევრების დამზადებასაც გეგმავს. ბექა გუჯეჯიანი ამბობს, რომ ინოვაციური მიდგომით შექმნილმა ღვინის ჭურჭელმა არამხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ბაზარი უკვე აითვისა.
ეს ყველაფერი მისი 30 წლის გეგმაა. იქამდე უნდა მოასწროს გამოგონებების შემქნა დედამიწელებისთვის, რადგან მათი პრობლემები გადაჭრას. ფიზიკოსი და გამომგონებელი კარლო ხუციშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტია. ის პირველი ქართველი ახალგაზრდაა, რომელიც კოსმოსს ასე მიუახლოვდა - ნასაში იმოგზაურა.
გამოგონებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მეექვსე კლასში იყო. პირველი იდეაც მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ფერმერების საქმიანობას დააკვირდა და შეეცადა მათთვის საქმე გაემარტივებინა - იმით რომ დროულად სცოდნოდათ ნიადაგის ტენიანობის შესახებ. გამოიგონა მოწყობილობაც, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. თუკი გამნაღმველები მის მიერ შექმნილი დრონების საშუალებით ობიექტის განაღმვითი სამუშაოებს ჩაატარებენ, აღარ დაიღუპებიან.
ინოვაცია ტრადიციებში და ტრადიცია ინოვაციებში- ბევრი ფიქრის შედეგად მათ თავში დაბადებული იდეები რეალობად უკვე იქცა. შეამჩნიეს საქართველოში და დაინახა მსოფლიომაც. ახლაც შრომობენ, რომ მათი ინოვაციური პროექტები კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს პრობლემები გადაუჭრან.