არ არის გამორიცხული, ხერსონში გამოთავისუფლებული ძალები რუსეთმა ფრონტის სხვა მიმართულებით გადაისროლოს. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო. პარალელურად, კონტრიერიში გრძელდება აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე.
ლუჰანსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქები - ეს არის ახლა ის რეგიონები, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ლუჰანსკის ოლქი რუსეთს მცირე ხნით სრულად ქონდა ოკუპირებული, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოახერხეს გარკვეული დასახლებების დაბრუნება - უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოლქის 11 დასახლებაზე . რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ფრონტის ხაზთან მდებარე ოკუპირებულ სოფლებში დამპყრობლებმა ადგილობრივი მოსახლეობა სახლებიდან გამოასახლეს და მათ სახლებში დასახლდნენ.
ფრონტის ხაზზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკია. ამ რეგიონში ოკუპანტების აქტიურობა უკიდურესად მაღალ დონეზეა და მთელს ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება. უკრაინა მაქსიმალურად ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, რუსები მასშტაბური ზარალი აქვთ , მაგრამ, ბრძანება - მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს - არ შეცვლილა.
მტერი ცეცხლს ხსნის ყველა სახის საარტილერიო სისტემებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან. დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების საუკეთესო დანაყოფები და საცეცხლე საშუალებები ახლა ბახმუტზეა კონცენტრირებული და ზოგადად, დონეცკის ოლქში. თუკი ადრე ამას ხერსონისკენ აკეთებდნენ, ახლა უკვე ამ მხარეს გადაჯგუფდნენ. დონეკცის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იქიდან უკვე რუსებს შესაძლებლობა ექნებათ სლავიანსკისკენ და კრამატორსკისკენ გასვლა. ამ დროისთვის რუსეთს დონეცკის ოლქის დაახლოებით 57 პროცენტი აქვს აღებული.
კიდევ ერთი ოლქი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად მიიერთა, ზაპოროჟიეა. ოკუპანტები უკრაინაზე მასიურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ და მიზანმიმართულად აზიანებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ენერგოსისტემას. რუსებს ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი აქვთ დაკავებული, თუმცა ადმინისტრაციულ ცენტრში შესავლას ვერ ახერხებენ. ამიტომ ქალაქი ზაპოროჟიე იბომბება. ეს ოლქი უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , ვინაიდან სწორედ აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური.
დღეს დილით ოდესის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიბომბა რასაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ჯამში უკრაინაზე ოთხი სარაკეტო და 16 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.