ქალაქ ხერსონის მცხოვრებლები რვა თვის მანძილზე რუსეთის სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ პარასკევს, ქალაქში უკრაინული ძალები შევიდნენ და რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთისკენ დაიხიეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, რომლის გადამღები ჯგუფი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა.
კორესპონდენტის თქმით, „მოსახლეობას არც წყალი აქვს, არც ინტერნეტი და არც ელექტროენერგია, მაგრამ განწყობა ეიფორიულია”.
ტელეკომპანიის სიუჟეტში ჩანს ხერსონის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც მღერიან სახელმწიფო ჰიმნს, ისმის შეძახილები "სლავა უკრაინი!" (დიდება უკრაინას).
ადგილობრივები ამბობენ, რომ როდესაც ომის დასაწყისში რუსული ჯარები ხერსონში შევიდნენ და ქალაქი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, ხალხი წაიყვანეს, აწამეს, ბევრი გაუჩინარდა.
„აქ უამრავი ადამიანი დაიღუპა. უბრალოდ, ჯერ კიდევ არ ვიცით“, - ამბობს ერთ - ერთი მოქალაქე.