27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
დღეს მირზაანში ნიკო ფიროსმანის შემოქმედება გაცოცხლდა

დღეს მირზაანში ნიკო ფიროსმანის შემოქმედება გაცოცხლდა. მხატვრის სახლ-მუზეუმი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მისი ნამუშევრები. მეეზოვე, მეთევზე, გოგონა ბუშტით და შროშანებით - ნიკალას პერსონაჟები მსახიობებმა გააცოცხლეს.

ფიროსმანობა დილიდან ადგილობრივებს და უამრავ ტურისტს მასპინძლობს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო და შეფების მიერ მომზადებული კახური კერძები. ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში არაერთი საინტერესო, შემეცნებით თუ გასართობი ღონისძიება მიმდინარეობს. ამ დღისთვის მოწვეული ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე. მირზაანში ქართული მრავალხმიანობაც ისმის. სახალხო დღესასწაული პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით იმართება.

ფიროსმანობის სტუმრებს შორის დღეს იყვნენ ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოზარდები, რომლებიც რამდენიმე დღეა, კახეთში ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებიან. ახალგაზრდები ეცნობიან ცნობილი მხატვრის მოღვაწეობასა და ცხოვრებას.

ფიროსმანობა, როგორც სახალხო დღესასწაული სოფელ მირზაანის მრავალწლიანი ტრადიციაა. წლევანდელი აღნიშვნა გამორჩეულია დიდი მხატვრის საიუბილეო თარიღის გამო .
დღევანდელი დღე კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები