27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
საქართველოს რაგბის ნაკრები ხვალ სამოას დამარცხებას კიდევ ერთხელ შეეცდება

ხვალ საქართველოს რაგბის ნაკრები დინამო არენაზე სამოას დამარცხებას კიდევ ერთხელ შეეცდება. საშემოდგომო სერიის მეორე შეხვედრას, ბორჯღალოსნები სწორედ წყნარი ოკეანის ქვეყნის ნაკრებთან მართავენ.

სამოელების ტრადიციულ საბრძოლო ცეკვა სივა-ტაუს ქართველი გულშემატკივარი 12 ნოემბერს "დინამო არენაზე" კიდევ ერთხელ იხილავს. პოლინეზიელები ბორჯღალოსნებს ისტორიაში მეექვსედ დაუპირისპირდებიან. საქართველოში ჩამოსვლამდე სამოას ნაკრები იტალიასთან 17-49 დამარცხდა, შედეგად, მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილზე დაქვეითდა. მომავალი მატჩისთვის კუნძულელები საგანგებოდ ემზადებიან, დღეს "დინამო არენაზე" სამოას ნაკრებმა მაქსიმალური დატვირთვით ივარჯიშა.

სამოას ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ლეგენდარული ჯონათან იონათანა ფალეფასა ტანა უმაგაა - ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც 2012 წელს საქართველოს ნაკრებში მილტონ ჰეიგის თანაშემწედ მუშაობდა.

მომავალ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ოთხი ცვლილებით ხვდება. სამი ახალი სახეა მარქაფაში, სამი ცვლილება კი შერკინებაში. სამწუხაროდ ნოემბრის ტესტებში ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარება გიორგი კვესელაძე. ხვალინდელი მატჩი ბორჯღალოსნებისთვის შესაძლოა ისტორიული გახდეს. გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე დაწინაურდება.

ბორჯღალოსნებს სამოას წინააღმდეგ, ამ დრომდე ხუთი შეხვედრა აქვთ გამართული, ბალანსი დადებითია: 3 გამარჯვება, 1 ფრე და 1 მარცხი.

საქართველოსა და სამოას სარაგბო შეხვედრა 12 ნოემბერს დინამო არენაზე 18 საათზე დაიწყება.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი. 

დღის ამბები