8 თვიანი პაუზის შემდეგ, ხერსონში უკრაინის ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა. სამხედროებს ადგილობრივები ტაშით და შეძახილებით დახვდნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ევროკავშირის და უკრაინის დროშებმა ოკუპანტის სიმბოლოები სრულად ჩაანაცვლეს.
დნეპრის მარჯვენა მხარის და ადმინისტრაციული ცენტრის დაკავებამდე იყო მასშტაბური შეტევა. უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს ოკუპანტების რამდენიმე თავდაცვითი პოზიცია. გენშტაბის ინფორმაციით, აგრესორისგან დღეს 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს. რუსულ არმიასთან მძიმე შეტაკებები დღის განმავლობაში რამდენიმე საათს გაგრძელდა. ეს კრემლის იმ განცხადების მიუხედავად, რომ მისმა არმიამ დნეპრის მარჯვენა სანაპირო დილის 5 საათისთვის დატოვა.
ანტონოვსკის აფეთქებული ხიდის კადრები საოკუპაციო ძალამ იმის დასამტკიცებლად გაავრცელა, რომ ხიდი გადაკვეთეს და იქ აღარ იმყოფებოდნენ. თუმცა მალევე გავრცელდა უკრაინული მხარის კადრებიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ ხიდის ქვეშ ოკუპანტები მაინც გადაადგილდებოდნენ.
უკრაინულმა ავიაციამ სხვადასხვა მიმართულებით დღეს ოკუპანტს მინიმუმ 10-ჯერ შეუტია. დაზიანდა პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 7 უბანი. განადგურდა ოკუპანტების 3 საზენიტო-სარაკეტო სისტემა. ჩამოგდებულია აგრესორის სამხედრო ვერტმფრენი.
დანაკარგი დღითიდღე იზრდება. დილიდან აგრესორმა ნიკოლაევი დაბომბა. საზენიტო სარაკეტო კომპლექს ს-300-ით იერიში 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს. 5 სართულიანი სახლი მთლიანად განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 7 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 5. მაგრამ მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
აგრესორმა იერიში ვინიცის ოლქზეც მიიტანა. დაზიანდა სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ოკუპანტები ბახმუტსა და ავდეევკაშიც ანადგურებენ. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში დონეცკის ოლქის ამ ტერიტორიაზე ბრძოლა ფაქტობრივად თითოეული კვადრატული მეტრისთვის მიმდინარეობს, მაგრამ დეტალებს უკრაინის თავდაცვის უწყება არ ასაჯაროებს, ისევე, როგორც დამატებით ინფორმაციას ლუჰანსკში მიმდინარე კონტრშეტევის შესახებ.