27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ახალ ლიდერს ეძებს - ვინ რომელ კანდიდატზე დებს ფსონს პარტიაში და ვისთან დაიგეგმა ამბოხი პარტიაში

ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას ნაცვლად - "კურიერის" ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ხაბეიშვილი რიგგარეშე არჩევნებს მოიგებს, ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალაში თანამდებობები ასე გადანაწილდება: სამ საკვანძო პოზიციას ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და დავით კირკიტაძე დაიკავებენ. თავმჯდომარის პოსტს ხაბეიშვილი ჩაიბარებს, ცისკარიშვილს გენერალური მდივნის პოზიციას შესთავაზებენ, ხოლო კირკიტაძე პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გახდება. ამ სამი პოზიციის გარდა პარტიაში არსებობს კიდევ რამდენიმე მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ვინ იქნება პოლიტიკური მდივანი და ვინ ჩაიბარებს რეგიონებს. "კურიერმა" გაარკვია, რომ ამ თანამდებობებზე ცვლილება არ იგეგმება. სავარაუდოდ, აკაკი მინაშვილი კვლავ პარტიის პოლიტიკური მდივანი, ხოლო გიორგი ბოტკოველი ისევ რეგიონების ხელმძღვანელი იქნება.

იქნება თუ არა ხაბეიშვილი მელიას კონკურენტი, ჯერჯერობით პარტიაში ამაზე საჯაროდ არავინ საუბრობს. ცნობილია, რომ ლევან ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ფსონს ყოფილი ძალოვანები - ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დებენ. როგორც პირად საუბრებში ამბობენ, ამაზე მელიას მოწინააღმდეგეთა ფრთა უკვე შეთანხმდა და კონსულტაციებიც გავლილია. საკითხი ერთ-ერთ შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც სავარაუდოდ ვანო მერაბიშვილის სახლში შედგა. ამ შეხვედრას გიორგი ბოტკოველი, ბადრი ბასიშვილი, თავად ლევან ხაბეიშვილი, დავით კირკიტაძე და პეტრე ცისკარიშვილი ესწრებოდნენ. 

გავრცელებული ინფორმაცით, სწორედ ამ აუდიენციაზე გადაწყდა ხაბეიშვილის პოლიტიკური მომავალიც. თუმცა არსებობს ვერსია, რომ თავდაპირველად პარტიის თავმჯდომარეობა პეტრე ცისკარიშვილსაც შესთავაზეს, რომელმაც უარი თქვა. პეტრე ცისკარშვილი მერაბიშვილთან შეხვედრას არ უარყოფს და ამბობს, რომ მეგობრულ წრეში, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ხშირად ხვდება.

ცისკარიშვილის გარდა, "კურიერის" ინფრმაციით, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატურად დავით კირკიტაძეც განიხილებოდა. მას, როგორც პარტიის კულუარებში ამბობენ, დავით კეზერაშვილის ნდობა აქვს, თუმცა პოლიტიკური არჩევანი საბოლოოდ ლევან ხაბეიშვილზე შეჩერდა. "კურიერთან" საუბარში კირკიტაძე არც შეთავაზებას და არც ხაბეიშვილის საკითხის მერაბიშვილთან შეხვედრაზე გადაწყვეტას ადასტურებს.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი. მიუხედავად ამისა, დაპირისპირების ფონზე ჩანს, რომ თანაპარტიელებს შორის ბრძოლაში მელიას, სავარაუდოდ, სააკაშვილის გუნდის მხარდაჭერა ექნება. ახლა პარტიაში იმაზე მსჯელობენ, როგო ჩაატარებენ ვადამდელ არჩევნებს და როდის.

ნიკა მელიას გარდა, "ნაცინალური მოძრაობის" თავმჯდომარეობაზე ამბიცია ამ დრომდე მხოლოდ 2-მა კანდიდატმა გამოთქვა, მათ შორის გიორგი ჩალაძემ, რომლის მთავარი მოტივი, თავმჯდომარის რანგში სააკაშვილის გათავისუფლებაა, გიორგი მუმლაძეს კი პირადი დაპირისპირების გარდა, მელიასთან კითხვები უმოქმედობის გამოც აქვს.

პროცესებს გვერდიდან აკვირდება მმართველი ძალა. გავლენების გადანაწილების სურვილი და კლანებს შორის დაპირისპირება - ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასებით "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებული მოვლენები.

"ერთიან ნციონალურ მოძრაობაში" ახლა სწორედ ერთობის საკითხი დგას. კონკრეტული თარიღის და წესების გაწერის შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობისთვის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნება. 

დღის ამბები