ქალაქ ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა ფრიალებს - მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მცხოვრებლებით არიან გარშემორტყმული. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სადაც უკრაინის დროშები აღმართეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ოლქში რუსეთის სამხედრო ძალების ყველა ქვედანაყოფი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა - ინფორმაციას პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. თავდაცვის უწყების ცნობით, ოპერაცია დღეს მოსკოვის დროით 17 საათზე დასრულდა.
პარალელურად, ოკუპანტები განაგრძობენ შეტევას - უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მიკოლაევში 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
მსხვერპლია დონეცკის ოლქშიც, რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქის ორ რაიონში მოხდა.