27 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
"სტრესი იყო ჩემთვის ძალიან დიდი, ემოციური ნიადაგიდან გამომდინარე, საკმაოდ აისახა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე" - რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა და დაპირისპირება რუსთავის საკრებულოში. შრომის ინსპექციამ საკრებულო დააჯარიმა. მიზეზი აპარატში დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და შევიწროების ფაქტები გახდა. ირკვევა, რომ საკრებულოს თავჯდომარე და მისი მოადგილეები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო აპარატის თანამშრომლებს ავიწროებდნენ. ასევე უზღუდავდნენ კანონით გათვალისწინებულ მომსახურებებზე წვდომას.

შრომის ინსპექცია დასკვნაში წერს, რომ პოლიტიკური ნიშნით შევიწროება ხანგძრლივი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა. რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის, "საქართველოსთვის" წევრია. აპარატში დასაქმებული თანამშრომლები კი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ.

"მოგვივიდა დოკუმენტი შრომის ინსპექციიდან, რომელმაც დაადგინა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ადგილი აქვს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს როგორც ჩემს, ასევე საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ, საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას მხრიდან. დისკრიმინაცია გამოიხატა შევიწროებაში პოლიტიკური ნიშნით," - განაცხადა საკრებულოს აპარატის უფროსმა არჩილ ძამაშვილმა.

"კურიერი" საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ საკრებულოში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით შევიწროვებას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ არ ჰქონდათ საშუალება თავიანთი უფლებამოსილება განეხორციელებინათ. მათივე თქმით, შეეზღუდათ საწვავი, გადაადგილების უფლება და ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნათ.

"მქონდა დავალება ბატონი თავმჯდომარისგან, რომ უნდა დამესახელებინა მე თანამშრომლები, ვის გაშვებასაც შემდგომში ის შეძლებდა. მან ის ფაქტიც აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტია, რომელიც წარმოდგენილი არის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახით, რომ ისინიც აძალებდნენ ამ ფაქტს, რომ მათაც სჭირდებოდათ კადრების დასაქმება. სტრესი იყო ეს ჩემთვის ძალიან დიდი, ემოციური ნიადაგიდან გამომდინარე საკმაოდ აისახა ეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე," - აცხადებს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი გვანცა ბირთველიშვილი.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია ამბობს, რომ შრომის ინსპექციამ აღნიშნული გადაწყვეტილებით ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

"შრომის ინსპექციამ ამ გადაწყვეტილებით შეასრულა "ოცნების" პოლიტიკური დაკვეთა ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ," - აცხადებს ნოდარ შეროზია.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ალექსანდრე ბერაძე კი ამბობს, რომ შრომის ინსპექციის დასკვნა ვიღაცის ინტერესების დაცვას ემსახურება. მისივე განმარტებით, პირები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით ზეწოლას ჰქონდა ადგილი, რუსთავის საკრებულოში დღემდე მუშაობენ.

"ეს არის მიზანმიმართული დასკვნა, რომელიც ემსახურება არა რეალობის გარკვევას, არამედ ვიღაცის ინტერესების დაცვას. ის ადამიანები, ვინც განცხადებას აკეთებდნენ, რომ ზეწოლა ხდებოდა მათზე სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით მარტის თვეში, დღევანდელ დღემდე მუშაობენ საკრებულოში და ისინი არ ყოფილან გათავისუფლებულნი თანამდებობიდან. ასე რომ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია, რაც საჭიროებს შესწავლას," - განაცხადა ალექსანდრე ბერიძემ.

რაც შეეხება რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრს მარინა ლიპარტელიანს, მათ შრომის ინსპექციის დასკვნის შესახებ დღეს შეიტყვეს.

როგორც მარინა ლიპარტელიანი ამბობს, მსგავს სიტუაციაში საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების მინიმუმ მორალური უფლება არ გააჩნია.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა დღეს, შრომის ინსპექციის დასკვნის შესახებ, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ ნამდვილად ხორციელდებოდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა და შევიწროება. ასეთ სიტუაციაში საკრებულოს თავმჯდომარეს მინიმუმ მორალური უფლება არ აქვს, რომ გააგრძელოს თავის თანამდებობაზე მუშაობა. იმ პერიოდში, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე დაკავებული უნდა იყოს რაღაც საკანონმდებლო საქმიანობით, ქალაქისთვის საუკეთესოს შექმნის სურვილით, ინიციატივებს გამოთქვამდეს, ამ სიტუაციაში ის დაკავებული არის საკრებულოს აპარატის თანამშრომლების შევიწროებით და ზეწოლით," - აცხადებს მარინა ლიპარტელიანი.

დღის ამბები