ეუთო/ოდირის შეფასებით აშშ-ის შუალედური არჩევნები კონკურენტული და პროფესიონალურად მართული იყო, წინასაარჩევნო კამპანია კი თავისუფალი, თუმცა უაღრესად პოლარიზებული და მკაცრი რიტორიკის შემცველი.
ექსპერტები წერენ, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებით ამომრჩევლის ნდობის შერყევის მცდელობამ შესაძლოა, სისტემური პრობლემები გამოიწვიოს.
დოკუმენტის თანახმად, კამპანიის დაფინანსების მექანიზმში ხარვეზები ნაკლებად გამჭვირვალეს ხდის პოლიტიკაში ფულის გავლენას. აქვე აღნიშნულია, რომ პოლარიზაციამ და მედიაში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლების ინფორმირებულობაზე, ზოგიერთ ოლქში კი ადგილი ჰქონდა ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევას.
ამასთან, ოდირის დაკვირვებით, რამდენიმე შტატში შეზღუდვები მოქმედებდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რამაც პროცესის გამჭვირვალობა შეამცირა და რაც, თავის მხრივ ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს. ექსპერტების წუხილი გამოიწვია კანდიდატების, მათი ოჯახის წევრებისა თუ თანამშრომლების მიმართ დევნის, მუქარისა და ძალადობის ფაქტებმა, ისევე როგორც ამომრჩევლის დაშინების მცდელობებმა, საარჩევნო ადმინისტრატორების პოლიტიკური აფილაცია კი ორგანიზაციის პირველადი შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.