ომის 261-ე დღეს უკრაინაში მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება. რუსულმა ძალებმა ავიაიერიშები ახლად განთავისუფლებული ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე მიიტანეს. დაზიანებულია სატელევიზიო ანძის გადამცემი ცენტრი და ენერგო ინფრასტრუქტურა.
ქალაქში შეზღუდულია მობილური კავშირი. ოკუპანტებმა 50 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით, ზიანი მიადგა ათამდე დასახლებას. ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. გასულ ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაივის ოლქშიც.