უკრაინული დროშა უკვე სოფელ პრავდინსა და კალინევკაში, ასევე ქალაქ სნეგიროვკაში ფრიალებს. ჯამში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ხერსონის ოლქში სამხედროებმა აგრესორისგან 41 დასახლება გაათავისუფლეს.
უშუალოდ ხერსონიდან კი საოკუპაციო ძალამ გასვლა გვიან ღამით დაიწყო. პროცესს კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებდნენ. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის დაბრუნებას, რომელიც ოკუპანტებმა, ფაქტობრივად, აგრესიის დაწყებისთანავე დაიკავეს, ოფიციალური კიევი, ჯერჯერობით, სიფრთხილით აკვირდება, რაც ოფიციალური პირების განცხადებებშიც ჩანს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოკუპანტებმა ასეულობით ნაღმი დატოვეს. ამასთან, ხერსონი კარგი სამიზნეა დნეპრის მარცხენა ნაპირიდან, სადაც რუსული არტილერიაა კონცენტრირებული. ამიტომ ზონაში შესვლას უკრაინელი სამხედროები, ჯერჯერობით, არ ჩქარობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის უკან დახევას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვან გზავნილად მიიჩნევს.
პრობლემებს რუსულ ჯარში არ გამორიცხავს ნატოს გენერალური მდივანიც. იენს სტოლტენბერგის თქმით, ახლა კრემლის სამომავლო ნაბიჯებს ელოდება. მანამდე კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი უკრაინელებს წარმატებას ულოცავს და ამ წარმატებაში პარტნიორების წვლილზეც მიანიშნებს.
ხერსონის გასათავისუფლებლად აქტიური კონტრშეტევა უკრაინამ ზაფხულის მიწურულს დაიწყო. კახოვსკის და ანტონოვსკის ხიდების დაბომბვით, რომლებიც ერთმანეთთან დნეპრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებს აკავშირებდნენ. სწორედ ამ ხიდებით მარაგდებოდა რუსული არმია. ამ და სხვა სამხედრო კომპონენტების შეფასებისგან დღეს თურქეთის პრეზიდენტმა თავი შეიკავა. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ყურადღება დიპლომატიის აუცილებლობაზე გაამახვილა.
სამუშაო ბევრია. ჯერჯერობით უცნობია, რა ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი, რომელსაც მის მიერ ანექსირებული და საკუთარ ტერიტორიად გამოცხადებული ხერსონი წაართვეს. ბირთვული იარაღის შეკავების სახელმწიფო პოლიტიკის მე-19 პუნქტის თანახმად, კრემლს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის საპასუხოდ. თუმცა, მოსკოვი ჯერჯერობით დუმს. კიევმა კი მოქმედება დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკი გენშტაბს ხერსონის ოლქში ოთხი სამხედრო ადმინისტრაციის ფორმირებას ავალებს.