ახალი წლიდან აფთიაქები წამლის ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან, მედიკამენტების საფასურის კონტროლს ამიერიდან ჯანდაცვის უწყება მკაცრად გააკონტროლებს. უფრო მეტიც, სამინისტროს უფლება ეძლევა მედიკამენტის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დააწესოს, რომელზე მაღალ ფასადაც, წამლების რეალიზაცია აიკრძალება.
უწყება დარწმუნებულია, რომ რეფერენტული ფასის დაწესება მედიკამენტებს დაახლოებით 40%-ით გააიაფებს, მათ შორის ქრონიკული დაავადებებისთვის განკუთვნილ 1 100 დასახელების წამალს.
"კურიერის" რესპონდენტები ამბობენ, რომ მედიკამენტის ფასებზე ხელმისაწვდომობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და თვის განმავლობაში ძვირიანი წამლის ყიდვა ხშირად უწევს.
ფარმაცევტული სფეროსთვის ახალი რეგულაცია მისაღებია, თუმცა მათი მოთხოვნაა რისკები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. კომპანიის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს პირველ პირებთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან. შეხვედრებზე რეფორმის მეთოდოლოგიის ნაწილი უკვე განიხილეს და წლის ბოლომდე ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან.
ჯანდაცვის სამინისტრო მასშტაბურ რეფორმას იანვრიდან იწყებს. ოფიციალური გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. კანონში ცვლილებების შედეგად მედიკამენტებზე მაქსიმალური ფასი განისაზღვრება. ა ფარმაცევტული კომპანიები თვითნებურად წამლებს ვეღარ გააძვირებენ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება 40%-ით კიდევ გაიაფდება. საუბარია 1 100 დასახელების წამალზე, რომელიც რეფერენტული ფასების პოლიტიკაში მოექცევა მედიკამენტებზე ფასების განსაზღვრის შემდეგ, კანონიც გამკაცრდება.
დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სანქციები იმოქმედებს. პირველ ჯერზე კომპანიას გაფრთხილებას მისცემენ, განმეორებითი ფაქტი 5 ათასიდან 45 ათას ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს. ეს ეხებათ, როგორც საცალო ქსელის აფთიაქებს ,ასევე დისტრიბუტორებსაც. წამლებზე ზღვრული ფასი იანვრიდან დაწესდება, თუმცა ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება ჯანდაცვის სამინისტრომ წლის დასაწყისიდან დაიწყო. ამოქმედდა ელექტრონული რეცეპტი, გახსნა თურქეთის ბაზარი. მას შემდეგ რაც მედიკამენტებზე მაქსიმალური ფასი განისაზღვრება და კანონი ძალაში შევა, მომდევნო ეტაპზე ფასების რეგულაცია ყველა დარჩენილ სარეცეპტო მედიკამენტზე გავრცელება.
მეორე კვარტლიდან კი იგივე პოლიტიკა სააფთიაქო ქსელში არსებულ ყველა დასახელების წამალს შეეხება.