27 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
სექსუალური ძალადობის მცდელობა შვილის მეგობარზე - რას ჰყვება 12 წლის არასრულწლოვანი ჩვენებაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა

სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანს, 63 წლის მამაკაცი ცეცხლის წაკიდებით და ყელის გამოჭრით ემუქრებოდა. "კურიერმა" შიდა ქართლში მომხდარი საზარელი დანაშაულის საქმის მასალები მოიპოვა. სასამართლოში უახლოეს პერიოდში, 12 წლის გოგო უნდა დაკითხონ. ძალადობის მსხვერპლი კი მანამდე გამოძიებას შემზარავ ფაქტებს უყვება. "კურიერმა" არასრულწლოვნის ჩვენება მოიპოვა, სადაც ბავშვი ჰყვება, რომ მეგობრის მამამ მისი გაუპატიურება სცადა და ამისთვის რამდენიმე თვე ემზადებოდა.

პედოფილიაში მხილებული 63 წლის მამაკაცი ტაქსის მძღოლია. მსხვერპლი და სავარაუდო მოძალადე მეზობლად ცხოვრობდნენ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი გაურკვეველი მიმართულებით საკუთარი ტაქსით გაიტყუა.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დუმილის უფლებით სარგებლობს. მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.

სავარაუდო დანაშაულზე, 63 წლის ბრალდებულის ნაცნობებს საუბარი უჭირთ.

12 წლის გოგონას ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა. ის სასწავლო პროცესს უკვე ესწრება. "კურიერს" სკოლაში უთხრეს, რომ მოზარდი ახლა უსაფრთხო გარემოშია.

სავარაუდო მოძალადის წინააღმდეგ, საქმეში მოწმეების ჩვენებები დევს. საგამოძიებო უწყება ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება. "კურიერმა" ბრალის დადგენილებაც მოიპოვა:

"ბრალდებულმა იცოდა, რომ გოგონა იყო 12 წლის. ასაკიდან გამომდინარე, მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა მისი გაუპატიურება. მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული."

მძიმე ბრალდებით, 63 წლის ტაქსის მძღოლი 2 თვის წინ დააკავეს. წარდგენილი საბრალდებო მუხლის საფუძველზე მას უვადო პატიმრობა ემუქრება. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის საქმის არსებით განხილვას გორის სასამართლო რამდენიმე დღეში, დახურულ კარს მიღმა დაიწყებს.

დღის ამბები