27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ბრძოლა გავლენებისთვის და ორ ბანაკად გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობა" - ვისი ინტერესი დგას პარტიული დაპირისპირების უკან და ვინ გახდება მელიას კონკურენტი

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიული თანამდებობისთვის  ბრძოლა იწყება. ვინ დაიკავებს, ან შეინარჩუნებს თუ არა ნიკა მელია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოზიციას უცნობია. მელიას მომხრეები და მოწინააღმდეგეები - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ორ გუნდად გაყოფილ პარტიაში ამ ნიშნით ნაწილდებიან. რატომ დაიწყო დაპირისპირება და დგას თუ არა მის უკან კონკრეტული პირების ინტერესი, ამაზე ირიბი პასუხი მელიამ ნაწილობრივ უკვე გასცა, როდესაც მის მოწინააღმდეგეთა რიგებში მყოფი თანაგუნდელების განცხადებების მიღმა ”შორს მიმავალი მიზნები” დაინახა. მიზანი კი შესაძლებელია თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის გეგმებს უკავშირდებოდეს.

ისინი ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარის ფრთის წარმომადგენლები არიან კითხვას: აქვთ თუ არა კეზერაშვილს პარტიაზე გავლენის მოხდენის სურვილი, ღიად არ პასუხობენ, თუმცა თავად აქვთ შეკითხვა, რატომ დადგა ახლა დღის წესრიგში თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა.

მელიას გუნდი, პარტიაში მიმდინარე "პოლიტიკურ თამაშებზე" საუბარს აანონსებს.
ვიდრე მელია და მისი გუნდის წევრები მიზეზებს საჯაროდ დაასახელებენ, მანამდე კეზერაშვილთან კავშირებზე და მის ინტერესებზე ”ნაციონალური მოძრაობის” ის წევრები საუბრობენ, ვისაც თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნა სწრაფად სურს. ირაკლი ნადირაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და "ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობას უარყოფს. ლევან ხაბეიშვილი კი მოქმედ თავმჯდომარეს მაჟორიტარულ არჩევნებს და დავით კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ კამპანიას ახსენებს.

მელიას დამარცხების შემთხვევში კეზერაშვილის გავლენის გაძლიერებას მმართველი გუნდის აზრით "ნაციონალურ მოძრაობაში" კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ახლო ურთიერთობის გამო, ნიკა მელია პეტრე ცისკარიშვილმა ჩაანაცვლოს და გუნდში ვანო მერაბიშვილიც დაბრუნდეს.

მმართველი პარტიის გარდა, კეზერაშვილი, მერაბიშვილის გეგმის ნაწილად თავმჯდომარის პოსტზე არ გამოირიცხება ხატია დეკანოიძის დასახელებაც. დეკანოიძე დღეს რუსთავის ციხეში ნიკა გვარამიასაც შეხვდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარეობა არ სურს. დეკანოიძის მსგავსად, ცისკარიშვილიც არ ადასტურებს, რომ პარტიას საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

განაცხადი გაკეთებულია, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება ვინ იქნება მელიას კონკურენტი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.  ყველაზე დიდი ოპოზიციურ ძალაში მიმდინარე პროცესები მმართველმა პარტიამ შეაფასა.

დავით კეზერაშვილის ინტერესები, რომ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" არ უკავშირდება ,ამაზე პოლიტიკოსები ბევრს საუბრობენ. მისი გეგმის ნაწილად მიიჩნევენ იმ ახალი ერთობის შექმნას, რომელშიც ამ დრომდე მხოლოდ გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე არიან. ახალი პოლიტიკურ ტრიოს წევრები არ უარყოფენ, რომ პარტნიორად ყოფილ თავდაცვის მინისტრსაც განიხილავენ, ამ თემაზე ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ მედია ეთერში ისაუბრა, "კურიერს" კი კომენტარზე დღეს უარი უთხრა.

"ქართული ოცნებაში" ახალი გაერთიანების ლიდერის პოზიცია არ უკვირთ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის პოლიტიკური წარმატების ფორმულა ფინანსებზე გადის.

ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა, დიდი პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას - ვისი გუნდი გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული - ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ეს არჩევნები გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მელია პარტიის ხელმძღვანელის ლეგიტიმაციას კიდევ ერთხელ.

დღის ამბები