27 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
"მათ სრულიად მოულოდნელად აირჩიეს ბრიფინგების სახით საუბრის ენა" - ნუგზარ წიკლაური კოლეგებს პასუხობს

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - ისინი, ვინც პარტიის თავმჯდომარის გადარჩევა საჯაროდ მოითხოვეს, თანაგუნდელებს ისევ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან ესაუბრებიან.

მორიგ ბრიფინგზე, ირაკლი ნადირაძემ პოლიტიკური საბჭოს, რაც შეიძლება სწრაფად დანიშვნა მოითხოვა. 

"მივესალმებით პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომლითაც ის დათანხმდა ჩვენს ინიციატივას. ამ ინიციატივას შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოთხი დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 

ველოდებით, რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს პოლიტიკური საბჭოს არჩევნები, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ არჩევნების თარიღი. ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით - უფრო გაძლიერდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე. 

გუნდის ამ ნაწილს პარტიის ცენტრალური ოფისიდან, მეორე მხარე პასუხობს. მათ კოლეგების საჯარო მოთხოვნას უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდეს:

"ვაფრთხილებდი ყველას, რომ გარედან უხეშ ჩარევას ნუ ექნებოდა ადგილი. ნებისმიერი კულუარული რაღაც ტიპის მოძრაობები იქნება აღქმული, როგორც ამ კონკრეტულ დემოკრატიულ პროცესზე თავდასხმა. იცოდნენ, რომ ჩვენი სურვიული იყო კონსოლიდირებულად გამოგვეცხადებინა საერთო პოზიცია და მათ სრულიად მოულოდნელად აირჩიეს ბრიფინგების სახით საუბრის ენა. ამან ჩვენ არაფერი შეგვმატა, გარდა იმისა, რომ ქოცებს მისცა შსაძლებლობა ამ თემაზე ეღლიცინათ," - აღნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური.

დღის ამბები