27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს  - პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს შედგა

საქალაქო სასამართლოში დღეს მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილის პროცესი გაიმართა. დაიკითხნენ გამომძიებლები და ექსპერტები.

ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერების მიხედვით არ შეიძლება დაკავებულის ბრალეულობაზე საუბარი, რადგან იქ მხოლოდ გადაადგილების მარშუტებია ნაჩვენები.

დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მკვლელობა ვაზისუბანში აპრილში მოხდა.

"რაც შეეხება ვიდეო მტკიცებულებებს, ბრალდების მხარემ ფაქტობრივად წარმოადგინა ალიბი, რომ დანაშაულის ჩადენის დროს და ადგილს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რეალურად იმყოფებოდა სულ სხვა ტერიტორიაზე და მოძრაობდა სულ სხვა ავტომობილით.

რაც შეეხება გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტმა განმარტა, რომ უშუალოდ კვლევის ობიექტზე გენეტიკური მასალა როგორ და რანაირად აღმოჩნდა ამის დადგენა ზოგადად შეუძლებელია," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთიძემ.

პროკურატურა კი ამბობს, რომ როგორც საქმეში არსებული ფარული ჩანაწერიდან ჩანს, ბეროზაშვილმა საკუთარი დედ-მამის მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო, რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა.

"წარმოდგენილი იყო ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ექსპერტიზა საქმეში ამოღებულ სხვადასხვა ნივთიერ მტკიცებულებებზე და დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ არაერთ ნივთიერ მტკიცებულებაზე ბრალდებულის მიერ დატოვებული იყო ბიოლოგიური კვლები, მათ შორის ორ ცალ პისტოლეტზე, რომელზეც ერთის მხრივ ამოჩნდა ბრალდებულის ბიოლოგიური კვლები, ასევე ერთ-ერთ პისტოლეტზე აღმოჩნდა გარდაცვლილის სისხლის კვალიც," - აცხადებს პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე.

დღის ამბები